მსოფლიო
პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები განახლდება
2021-01-22 14:09:30
პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფენები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ბიზნესებისთვის წერტილოვანი შეზღუდვების რეჟიმების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
„მინდა, ვისაუბრო ფენებზე, რადგან ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი განვითარების და მათ შორის ტურისტული განვითარებისთვის. პირველი თებერვლიდან, როგორც ადრეც ვსაუბრობდით, მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფენები, ეს ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს საქართველოში, ასევე ახალი ავიაკომპანიები, ვინც გამოთქვამენ სურვილს საქართველოში შემოსვლის, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს ნოტამი, შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. ახლა მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს, აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ შემსუბუქდეს ქვეყანაში სხვადსხვა ვიზიტორებისთვის შემოსვლის რეჟიმი.
„ეს არის ორი ურთიერთკავშირში მყოფი გარემოება. მოგეხსენებათ, რომ დღესაც არის რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებით დაშვებული, მაგრამ იმის გამო, რომ არის მეორე ტალღა, იმის გამო, რომ გარკვეული შეზღუდვებია ამა თუ იმ ქვეყანაში ვიზიტორების შესვლაზე, ავიაკომპანიები აქტიურად არ ითვისებენ მინიჭებულ უფლებებს, სიხშირეებს და არ ასრულებენ იმდენ ფრენას, რამდენიც მათ კომერციულად ენდომებოდათ. აქედან გამომდინარე, ერთია, რომ ჩვენ ვუშვებთ რეგულარულ ფენებს ყველა მიმართულებით და მეორე ის, რომ ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, რა სიახლეები იგეგმება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ აქამდეც მოქმედებდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, გარკვეული ქვეყნების ჯგუფები, მათ შორის ნაცვალგების ქვეყნები, საიდანაც უფრო მარტივი იყო შემოსვლა, მაგრამ ახლა ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორის არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ტურისტულად მეტად მიმზიდველია, მაგალითად ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და რა თქმა უნდა, თავისთავად, ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვის მიმზიდველია ჩვენთვის ტურისტულად. ჩვენ ველოდებით, რომ უკვე უახლოეს პერიოდში, გაზაფხულის სეზონზე შევძლებთ, რომ ყველა წესის დაცვით ვუმასპინძლოთ უსაფრთხოდ უფრო დიდი რაოდენობით ტურისტებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ნამდვილად კარგი დადებითი სიახლე. ჩვენ შემდეგ კვირაში გვექნება დიდი ალბათობით შეხვედრა ტუროპერატორებთან, ტურისტულ კომპანიებთან, რათა ერთად ვიმსჯელოთ, როგორ მოემზადონ ეს კომპანიები, რომ ეს ახალი გარემოება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ“< – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
კომენტარები