პოლიტიკა
მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახერხოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, რისი შედეგიც სავალუტო კურსზეც აისახება - ივანე მაჭავარიანი
2021-01-08 18:20:59
მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახერხოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, რისი შედეგიც სავალუტო კურსზეც აისახება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ის დარტყმა, რომელიც ლარმა ეპიდემიის პერიოდში მიიღო, შეარბილოს.
„ხელისუფლება პირველ რიგში აკეთებს იმას, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ კოვიდინფექციის გავრცელების შეზღუდვა, რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ვაქცინის შემოტანა და სანამ ეს მოხდება მაქსიმალურად დავიცვათ ის წესები, რომლებიც ეპიდაფეთქებას შეაკავებს და ეკონომიკის აღდგენის პროცესი დავიწყოთ მაქსიმალურად სწრაფად. საკომპენსაციო პაკეტები არის ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონისძიებები, რომ ამ რთულ პერიოდში შევამსუბუქოთ მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობის, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეკონომიკა და რაც შეიძლება მალე დავხვდეთ მომზადებული ტურისტულ სეზონს და რაც შეიძლება აქტიურები ვიყოთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც დავგეგმეთ - ეს არის ეკონომიკის გაჯანსაღება და ამის შედეგი აისახება სავალუტო კურსზეც და ა.შ. ამავდროულად ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს, რომ ის დარტყმა რაც მიიღო ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ, იმ სავალუტო შემოდინებების შემცირებისგან, რომელიც ძირითადად დაკავშირებული იყო ტურიზმთან, რომ შეარბილოს. ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის განმავლობაში გააკეთა უპრეცედენტოდ მაღალი 9 მილიონ დოლარამდე ინტერვენცია. შესაბამისად, ეს არის ერთი ნაწილი, რომ დარტყმა შეარბილოს და მეორე ნაწილია, რომ ეკონომიკა რაც შეიძლება მალე მდგრადად აღვადგინოთ - ეს არის ყველაფრის თავი და თავი, ეს მოაგვარებს და შეამსუბუქებს სოციალურ პრობლემებსაც, ეს შეარბილებს ლარზე ზეწოლასაც და ა.შ.", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
კომენტარები