პოლიტიკა
ხელისუფლებას 15 სექტემბრისთვის აჭარა რომ ჩაეკეტა, ასეთი მძიმე სურათი არ გვექნებოდა – გია ხუხაშვილი
2020-11-27 08:57:01
„რეალობა საკმაოდ მძიმეა, შესაბამისად შეზღუდვები რომ აუცილებელი იყო აქ ორი აზრი არ არსბეობს, იმიტომ რომ ფუნდამენტური ღირებულება ეს არის ადამიანის სიცოცხლის უფლება, რისი დაცვაც არის ხელისუფლების კონსტუტიცური მოვალეობა“,-ასე შეაფასა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები „ფორტუნას“ ეთერში.
როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელი იყო ხელისუფლებას ალტერნატიული გამოსავალი მოეძებნა, რომელიც ამ თვალსაზრისით უკეთესს შედეგს მისცემდა ქვეყანას. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ბევრად ეფექტური შეიძლება ყოფილიყო ლოკალური ჩაკეტვები.
„არ დავიწყებ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების კრიტიკას, რადგან ამ ეტაპზე შეიძლება ეს გასაკეთებელი იყო, თუმცა ვფიქრობ რომ მთავრობა მაინც თითქოს ეზარება უფრო კომპეტენტური და მეტად პროფესიული მუშაობა ამ თემებთან დაკავშირებით. თითქოს მიშვებული აქვს სიტუაცია, იმიტომ რომ ასეთ დროს, ყველაზე მეტად ეფექტურია გეოგრაფიული, ლოკალური ჩაკეტვები. პიკური ანუ კერების აღმოჩენა სადაც განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს ინფიცირების პროცესი. ვგულისხმობ გეოგრაფიულად წითელი წერტილების დადგენას და მათ სისტემურ ჩაკეტვას.
ხელისუფლებას 15 სექტემბრისთვის აჭარა რომ ჩაეკეტა, შეიძლება ასეთი მძიმე სურათი არ გვქონოდა.
შეიძლება მეტი ანალიზი და ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ ვითარება არაორდინალურია და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება შეეძლო. ვითარება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში სხვადასხვაგვარია და შეიძლება ეს ყველგან არ იყო საჭირო. შესაბამისად ეკონომიკასაც ნაკლები ზიანი მიადგებოდა“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
კომენტარები