1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ყველას მდუღარე წყალს ნუ გადაასხამთ, რა იცი რა დღე და ცხოვრება გამოიარა საერთოდ"- ანა ლაშხელი-ონიანი

მწერალი ანა ლაშხელი-ონიანი 32 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. საზოგადოების მხრიდან მისი ჩანახატებისადმი ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.

გთავაზობთ მწერლის კიდევ ერთ ჩანახატ-სტატუსს, რომელიც ანამ  სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ  გამოაქვეყნა:

ანუ მთლად ასეც არაა საქმე...

დღეს მეტროში ერთ ბიჭს ეჩხუბა ერთი საშუალოდ მოხუცი ქალი. 2 გაჩერებაა თავზე გადგავარ და ადგილი არ დამითმეო. მერე რა უნამუსო თაობა იზრდებაო, მერე ეს რა დრო წავიდაო,ეს რა დრო მოვიდაო... ჩვენს დროშიო ?... შუბლი ხელით მოიჩრდილა და ჩაირთო, სანამ მხრებში მოხრლი ბიჭი არ ადგა და ვაგონი არ დატოვა.

და გამახსენდა 10 წლის ამბავი. ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტიდან ე.წ.ნიკეამდე ჩასვლა იყო მთელი წამება პიკის საათებში. თან ლექციები მქონდა, თან რედაქციაში ვმუშაობდი და იმ დღეს ისეთი დაღლილი ვიყავი, ძლივს ვიდექი ფეხზე. როგორც იქნა ჩამოვჯექი რაღაც სასწაულით ავტობუსში. დამადგა თავზე ერთი საშუალოდ მოხუცი ქალი. დაიწყო იმანაც. მე ვიცი რომ უნდა ავდგე, ისიც ვიცი რომ თუ ავდგები გული წამივა... ბოლოს იმდენი ილაპარაკა მთელი ავტობუსი მას უსმენდა, ავდექი და შემდეგ გაჩერებაზე თავდაღუნული ჩამოვედი. ისე მწარედ მახსოვს იმ ჯანღონით სავსე ქალის ლანძღვა, რომ ახლაც ჟრუანტელი მივლის. ჩამოვედი და ტირილს ძლივს ვიკავებდი. ვინ ეტყოდა იმ ქალს მე რას ვრძნობდი, რატომ არ წამოვფრინდი იმ წუთში ჩიტივით და არ დავუთმე ჩემი ადგილი ? არავინ, რადგან ეს მარტო მე ვიცოდი, მე კიდევ რომ მეთქვა, შემრცხვა. დილის 8 საათის მერე ფეხზე ვიდექი, ვიმუშავე, ლექციებს დავესწარი და თან მუცელში 3 თვის ანდრია მყავდა...

პ.ს.რა თქმა უნდა უფროს პატივი უნდა სცე, რა თქმა უნდა ჩვენც დავბერდებით, რა თქმა უნდა ოჯახში კულტურას გვასწავლიან, მაგრამ... დღეს ძალიან ცუდ დღეშია ახალგაზრდების უმეტესობა. სწავლობენ, ღამეებს ათევენ კაპიკების გულისთვის სხვადასხვა სუპერმარკეტებში, კაფე-ბარებში, ქანცგაწყვეტილები არიან. ბევრი სტუდენტი ვიცი გამარჯობის თავი არ აქვთ რომ შემხვდებინ, ასე რომ თუ მეტროში ასეთი ილაჯგაწყვეტილი ახალგაზრდა შეგხვდათ, ყველას მდუღარე წყალს ნუ გადაასხამთ, რა იცი რა დღე და ცხოვრება გამოიარა საერთოდ .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები