1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“-ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ახალი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები „თანდათან კარგავენ საკუთარ არსს, ხოლო მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად იგდებს ძალაუფლებას თავის ხელში და  ამასთან, ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის“.

მოხსენების ციტირებული ნაწილი, რომელიც 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდს ასახავს, მომზადდა როგორც საგარეო დოკუმენტი ევროპარლამენტისთვის სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და ევროპის კოლეჯის მოწვეული პროფესორის, ლორ დელკურის მიერ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავება, 2019 წლის ივნისი/2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემაში 2020 წლიდან განვითარებულმა მოვლენებმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში „სერიოზული უკუსვლები“ აჩვენა, კერძოდ, „მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის შეუსრულებლობა, ცვლილებები კანონში საერთო სასამართლოების შესახებ“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი სურათია. ამასთან მნიშვნელოვნად გაუარესებულია ქართული მედიის მდგომარეობა.

„სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოში კიდევ უფრო რთული გახდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო“.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, მასზე გავლენას ახდენს მზარდი პოლიტიკური ანტაგონიზმი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტირებისთვის არსებული არხების ეფექტურობა „სერიოზულად ეჭვქვეშ დგება“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამის საპირისპიროდ, 2020-2021 წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამსახურში გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად. მან ასევე დადებითად შეაფასა ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსი.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიისა, მოსალოდნელია შრომითი უფლებების არსებითი გაუმჯობესება შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და შრომის ინსპექციის მანდატის გახანგრძლივების გამო. „მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია და დანაშაული მათ წინააღმდეგ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც საქართველო რეგიონალურ ლიდერად რჩება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ანტიკორუფციული რეფორმები ბოლო წლებში შენელდა, ხოლო მაღალი დონის კორუფციის ეფექტიანი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს დეცენტრალიზაციის რეფორმა ძირითადად განპირობებულია უფრო ეფექტიანი მენეჯმენტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის აუცილებლობით, ვიდრე ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობის სურვილით.

ანგარიშის თანახმად, საქართველო მუდმივად ასრულებს ევროკავშირის ძირითად მოთხოვნებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ეფექტიანად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებთან და წევრ სახელმწიფოებთან კრიმინალთან ბრძოლის საქმეში.

„დადებითად არის შეფასებული თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. თუმცა, საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა“.

ამას გარდა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია, საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა კოვიდის გამო, ქვეყანა კარგ შედეგებს აღწევს საკუთარი სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მართალია, საქართველო საკანონმდებლო პროცესების კუთხით სწორ გზაზეა, ის კვლავაც დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში, განსაკუთრებით ენერგოეფექტიანობის კუთხით არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია.

წყარო: civil.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები