0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დაწყებითი კლასის 3024 მოქმედი და მსურველი პედაგოგიდან გამოცდა 31-მა ჩააბარა

2016 წლის ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გასული 17 137 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3464 დასძლია, რაც საერთო ჯამში 20.21 %-ია.

აღნიშნული ციფრების მოსაპოვებლად EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

ზაფხულის გამოცდაზე სულ 22 700-ის აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. თუმცა ტრადიციულად მაღალი იყო გამოცდაზე არ გასული პირების რაოდენობაც. წელს რეგისტრაცია გაიარა და გამოცდაზე არ გავიდა 5 500 პირი.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც EDU.ARIS.GE-მ "ნაეკიდან” გამოითხოვა ყველაზე ცუდი შედეგი დაწყებითი კლასის პედაგოგებს და პედაგოგობის მსურველებს აქვთ. გამოცდაზე გასული 3024 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 31 დასძლია.

I-VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დარეგისტრირებულზე 532 პედაგოგით ნაკლები გავიდა, 1831 აპლიკანტიდან კი გამოცდა წარმატებით მხოლოდ 67-მა დასძლია.

საგნების მიხედვით შედეგები კი ასე გამოიყურება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 836 – ზღვარი წარმატებით გადალახა 376-მა;
  • მათემატიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 971. ზღვარი წარმატებით გადალახა 383-მა;
  • ინგლისური ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 1278. ზღვარი წარმატებით დასძლია 471-მა;
  • რუსული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 462. ზღვარი წარმატებით გადალახა 193-მა;
  • გერმანული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 79. ზღვარი გადალახა 26-მა;
  • ფრანგული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 14. ზღვარი გადალახა 7-მა;
  • ისტორია VII –XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 877. ბარიერი გადალახა 259-მა;
  • გეოგრაფია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 602. ზღვარი წარმატებით დასძლია 187-მა;
  • სამოქალაქო განათლება VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 544. ზღვარი წარმატებით დასძლია 103-მა;
  • ფიზიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 368, ბარიერი გადალახა 21-მა;
  • ქიმია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 372. ზღვარი გადალახა 20-მა;
  • ბიოლოგია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 548, ზღვარი წარმატებით გადალახა 210-მა;
  • მათემატიკა I- VI კლასი – გამოცდაზე გავიდა 1676. ზღვარი წარმატებით დასძლია 271-მა;
  • ბუნებისმეტყველება I-VI კლასი – გამოცდაზე გავიდა 647. ზღვარი წარმატებით დასძლია 31-მა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – გამოცდაზე გავიდა 451. გადალახა ბარიერი 165-მა;
  • ქართული როგორც მეორე ენა – გამოცდაზე გავიდა 371. ბარიერი გადალახა 106-მა;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – გამოცდაზე გავიდა 519. ბარიერი გადალახა 89-მ;
  • მუსიკა – გამოცდაზე გავიდა 920. ზღვარი გადალახა 275-მა;
  • სპორტი – გამოცდაზე გასული 747 აპლიკანტიდან ზღვარი გადალახა 173-მა.

სამწუხაროდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ვერ აკონკრეტებენ გამოცდაზე გასული 17 137 აპლიკანტიდან რამდენია მოქმედი და რამდენია მასწავლებლობის მსურველი.

"რაც შეეხება თქვენ მოთხოვნას მოგაწოდოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ცალ-ცალკე, როგორც მოქმედი მასწავლებლების, ასევე მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტების თაობაზე, გაცნობებთ, რომ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ არის ინფორმაცია აღნიშნული სახით დამუშავებული. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებს როგორც მოქმედი პედაგოგი, ისე პედაგოგობის მსურველი (მითუმეტეს, 2016 წელს პირველად შევთავაზეთ მასწავლებლის მომზადების ახალი პროგრამა, რამაც მასწავლებლობის მსურველების რაოდენობა გაზარდა). შესაბამისად, შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის“,- ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების საპასუხო წერილში.

ამავე შინაარსის განცხადება, საჯარო ინფორმაციის გაცემის პარალელურად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საკუთარ ვებგვერდზეც გაავრცელა.

აღნიშნულ თემას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილიც სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის გამოცდის ე.წ. სტატისტიკური მონაცემები ვერ იქნება ის ინფორმაცია, რომლითაც პედაგოგებზე, მათ პროფესიონალიზმზე თუ კვალიფიკაციაზე შეიძლება ვისაუბროთ. მონაცემების არასწორი თუ სუბიექტური ინტერპრეტირებით ნუ მივაყენებთ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას მასწავლებლებს. მითუმეტეს, როდესაც გამოცდებში არა მხოლოდ მოქმედი პედაგოგები, მასწავლებლობის ბევრი მსურველიც მონაწილეობს. სწორედ ამის გამო არ ვემხრობით ამ გამოცდის სტატისტიკური ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებას და არ ვაფასებთ შედეგებს – ეს არასწორი იქნებოდა. თუმცა, ცხადია, საჯარო ინფორაციის გაცემას კანონი გვავალდებულებს და ეს მონაცემები ოფიციალურად მივაწოდეთ დღეს მედიის წარმომადგენლებს“,- წერს სოციალურ ქსელში მიმინოშვილი.

აქვე დავძენთ რომ EDU.ARIS.GE თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საგნის გამოცდის შედეგებს ყოველთვის მაღალი პროფესიონალიზმით უდგება და მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობილ მონაცემებს აქვეყნებს.

წყარო- http://edu.aris.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები