1 8 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით"-მოსწავლე მასწავლებელს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

კავშირ „საფარის” წარმომადგენელი მარი კურტანიძე თავის ყოფილ მასწავლებელსა და ლექტორს თამაზ აქუბარდიას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მარი კურტანიძის მიერ sapari.ge-ზე გამოქვეყნებული ბლოგის მიხედვით, 15 წლის ასაკში მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა.


წერილს უცვლელად გთავაზობთ:


"ბატონო თამაზ,

მოგესალმებით, იმედია, გახსოვართ: მათემატიკაში მამზადებდით აბიტურიენტობის დროს, მაშინ 15 წლის ვიყავი. კვირაში სამჯერ დადიოდით ჩემთან სახლში და კერძო გაკვეთილებს მიტარებდით. ჩემი სახელი და გვარი თუ არაფერს გეუბნებათ, ვეცდები, სხვანაირად გაგახსენოთ: “აბრეშუმივით კანი მაქვს”. თქვენ გიჟდებოდით მასზე. ჩემი დახეული ჯინსის შარვალიც უნდა გაგახსენდეთ, მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით ხოლმე კანზე, საოცარი კანი გაქვსო, მეუბნებოდით. მას შემდეგ შემძულდა დახეული ჯინსი და აღარ ვიცვამ. თქვენი დაჟინებული თხოვნები არ აყოვნებდა: “რატომ არ გაცვია ჩემი საყვარელი შარვალი, გთხოვ, ჩაიცვი რა”. წავსულვარ და გამომიცვლია რამდენჯერმე, ბევრჯერ! წესით, ისიც უნდა გახსოვდეთ, როგორ მემუქრებოდით: “ამ ამოცანას სწორად თუ არ ამოხსნი, ტუჩებში გაკოცებ”. ერთხელ ამისრულეთ კიდეც დანაპირები: დამშვიდობებისას, ლოყაზე კოცნის მაგიერ ტუჩებში მაკოცეთ.

დანარჩენი თქვენ უკვე არ გემახსოვრებათ. მე მახსოვს. მახსოვს, როგორ ვტიროდი – თავს ვირწმუნებდი, რომ 50 წლის მასწავლებელი არ იყო “ჩემი პირველი კოცნა”, რომ ეს ყველაფერი “შემთხვევით მოხდა”!

სახელს ვერ ვარქმევდი ვერც ხელების ფათურს – ვიცოდი, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ ვერ ვბედავდი ამაზე ვინმესთან ლაპარაკს. მეშინოდა, ჩხუბი არ ამტყდარიყო. მერჩია, ჩუმად ამეტანა. ვერც იმას ვხვდებოდი, რა უნდა მეთქვა. უფროსებთან შეპასუხებას არ ვიყავი მიჩვეული, განსაკუთრებით – მასწავლებლებთან. თქვენც დარწმუნებული იყავით, რომ არავის ვეტყოდი; ძალიან მორცხვი, დამჯერი, ჩუმი ბავშვი ამარჩიეთ  მსხვერპლად. მას შემდეგ 10 წელი გავიდა…

ამ ხნის განმავლობაში ისე მოვიქეცი,  როგორც ბევრი მსხვერპლი იქცევა: გადავწყვიტე, დამევიწყებინა ან თავი მომეჩვენებინა, რომ თითქოს არ მახსოვს, რომ ცუდი არაფერი მომხდარა; იმაზე ვკონცენტრირებულიყავი, რომ კარგი ადამიანი ხართ: განათლებული, ნაკითხი, “პატრიოტი”. მერჩია, შემბრალებოდით: “რა ქნას, ახალგაზრდა გოგოები და ქალები მისი სისუსტეა”.

დღემდე მიჭირს, სწრაფი და საკადრისი პასუხი გავცე მოძალადეებს, იმ კაცებს, რომლებიც სექსუალურად მავიწროვებენ, მაგრამ სხვა ქალებთან საუბარმა, ისტორიების მოსმენამ (რომლებიც ხშირად ჩემი ამბის მსგავსია), ჩემმა პროფესიამ და რეალობის – ქალის მიმართ არსებული ძალადობრივი კულტურის – გააზრებამ გამაძლიერა. მხოლოდ ახლა, 10 წლის შემდეგ, ვბედავ, რომ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო და  არ შემეშინდეს! არ შემრცხვეს! ამას ჩემი თავისა და ყველა იმ გოგოს/ქალის გამო ვაკეთებ, რომლებიც იძულებული არიან, ჩუმად აიტანონ სექსუალური შევიწროება და სხვადასხვა ფორმის ძალადობა.

ახლა სახელების დარქმევაც ვისწავლე: თქვენ არ ხართ კარგი ადამიანი, თქვენ ნაძირალა ხართ, ბატონო თამაზ! ვერანაირი განათლება, “პატრიოტიზმი” და პროფესიონალიზმი ვერ გადასწონის იმ ფაქტს, რომ ბავშვებზე, 15 წლის ბავშვებზე(!) სექსუალურად ძალადობთ!

იმედი მაქვს, ამ წერილს ბევრი წაიკითხავს. გვახსოვდეს, რომ ძალიან ხშირად, მოძალადეები და შემვიწროებლები ისინი არიან, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად მოველით; ისინი, ვისაც გავლენა და ავტორიტეტი აქვთ “მსხვერპლზე”, ხოლო მსხვერლად ირჩევენ მათ, ვინც სუსტია და ადვილად მოწყვლადი, ვინც პასუხის გაცემას და ამაზე საუბარს ვერ შეძლებს. სწორად ამიტომ რჩება განსაკუთრებით შემზარავი ამბები უთქმელი და შეუმჩნეველი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს და მთელ ჩემ გამბედაობას ვიკრებ ამ დამამცირებელ გამოცდილებაზე სასაუბროდ, ვფიქრობ, მხოლოდ ასე – ხმამაღლა საუბრით შევძლებთ თქვენნაირი მოძალადე კაცების მხილებას და რეალობის შეცვლას!

გემშვიდობებით და, იმედია, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც, ყოველ ჯერზე, როცა ხელს გააპარებთ, ყოველ ჯერზე, როცა სექსუალური შინაარსის კომენტარს იტყვით, ყოველ ჯერზე, როცა გაბედავთ და ფსიქოლოგიურად იძლადებთ გოგოზე/ქალზე – შეგეშინდებათ!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები