0 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

USAID-ს და თიბისის სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკის გაძლიერებისთვის

23 მარტს, USAID-მა და თიბისიმ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს.

ღონისძიებას უძღვებოდნენ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, იზაბელ კოულმენი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. პარტნიორობა ხელს შეუწყობს   საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და მდგრადობის განმტკიცებას. თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-თან პარტნიორობით, თიბისის შესაძლებლობა ექნება, გააფართოვოს ფინანსებთან წვდომა და ბიზნესის მხარდამჭერი სერვისები, რაც წაახალისებს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მემორანდუმის ფარგლებში, USAID და თიბისი ხელს შეუწყობენ საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ბაზრის დივერსიფიკაციას და მაღალანაზღუარებადი სამუშაო ადგილების შექმნას. სამომავლოდ ქვეყანაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების  მხარდაჭერის მიზნით იგეგმება 30 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება.  პრიორიტეტი მიენიჭება სოფლის საწარმოებს და ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც ქალები უძღვებიან; შეიქმნება 1 200-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და ხელს შევუწყობთ ბიზნესებს გაყიდვებიდან გამოიმუშაონ 6 მილიონი აშშ დოლარი.

 

„USAID-ის სტრატეგიული პარტნიორობა თიბისი ბანკთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ზრდას. თიბისი რეგიონის ეკომონიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის წამყვანი ინსტიტუტია. აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და ქვეყნის კერძო სექტორს ეკომონიკის დივერსიფიკაციის და მდგრადობის გასაძლიერებლად“ - იზაბელ კოულმენი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე.

„მოხარული ვარ, რომ USAID-თან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას ვაგრძელებთ  და ეს თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობით გაგრძელდება. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ხელი შევუწყვეთ ქვეყანაში მდგრად განვითარებას, ქალთა გაძლიერებას და სხვადასხვა სფეროში  მხარი დავუჭირეთ არაერთ საინტერესო ინიციატივას. დღევანდელი დღე და USAID-თან  პარტნიორობის ახალ საფეხურზე გადასვლა ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ხედვას, ასევე მზაობას, რომ მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი  და ინიციატივა  განვახორციელოთ ერთობლივად და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს განვითარებას“,  - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები