მსოფლიო
ცხინვალის ცენტრში 6 მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი დაცხრილეს
2011-12-09 13:43:48
ჩამოტვირთვა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. წუხელ 6 მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი დაცხრილეს. არiaნ თუ არა დაშავებულები, ამ დრომდე უცნობია.
ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში დაჭრეს ე.წ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელიც. 23 წლის სოსლან გაბუევს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მიზეზი ის გახდა, რომ გაბუევი ცხინვალის აქციებისას ე.წ. მთავრობის სახლს იცავდა.
შემთხვევა იმ ადგილთან ახლოს მოხდა, სადაც ალა ჯიოევას მომხრეები დემონსტრაციას მართავენ. თავად ჯიოევამ აღნიშნა, რომ ეს მის წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი პროვოკაციაა.
გუშინ მან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციების შესასრულებლად მზადყოფნა გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ მზადაა ცხინვალი 25 მარტს დანიშნულ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის მოამზადოს და თავად პროცესში მონაწილეობა აღარ მიიღოს.
ოკუპანტი რეჟიმის ლიდერს ე.წ. პრეზიდენტობის ვადა 7 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა ამის მიუხედავად, ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ სანამ ნარინჯისფერ რევოლუციას ბოლოს არ მოუღებს, არ გადადგება.
კომენტარები