0 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

''ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცების პერიოდს'' - გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ენმ-ს პერიოდს.

“უკანონო მოსმენები რომ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე ყველამ იცის. ამ მძიმე უფლების დარღვევას სამწუხაროდ საზოგადოება მიეჩვია და ყურადღებას აღარ აქცევს სათანადოდ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცების პერიოდს. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ მრწამსისა. ისმინება არამხოლოდ ე.წ მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან ყველა ერიდება ტელეფონში რაიმე მნიშვნელოვანის თქმას, თუმცა თუ ობიექტი მის ახლობელს ეტყვის რაიმეს საიდუმლოდ, ამ უკანასკნელმა შეიძლება ვინმეს ტელეფონით გაუმხილოს, რაც ოტოს აძლევს საშუალებას გაიგოს, რას ფიქრობს მთავარი ობიექტი. ივანიშვილი მოსმენებისათვის იყენებს არამარტო სუსს, არამედ შსს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას.

საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა. ოტოს შემოწმებას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თუმცა ეს ფიქტიურია. ინსპექტორი წინასწარ უკავშირდება სუსის უფროსსა და აფრთხილებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. სუსის უფროსი თავის მხრივ აფრთხილებს ოტოს უფროსს და გეგმიური შემოწმების დროს უკანონო მოსმენები ჩერდება. ამ პერიოდში უსმენენ მხოლოდ განჩინებით "შემოწმება’’ გრძელდება დაახლოებით ორი კვირა. გარდა ჯი ეს ემ (GSM) ქსელიების მოსმენისა, ოტო უკანონოდ უსმენს ვირუსების საშუალებით სხვადასხვა აპლიკაციების, კომპიუტერების, ლეპტოპების, ასევე შეიძლება ოფისების უკანონო აღჭურვა. კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, ენჯეოების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ.

ე.წ "ვიპ პერსონების’’ საუბრებს ოტო უგროვებს ივანიშვილს და ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მასჩემს პერიოდში ოტოდან ბექა მამარდაშვილი მე მიგზავნიდა ამ კრებსებს, რომელსაც ვამუშავებინებდი სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს ვატანდი ჩემს თანამშრომლებს ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ მინისტრთან, რა თქმა უნდა გომელაური იღებდა სრულ პატაკს. ივანიშვილი, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუსსა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა.

ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა პრემიერიდან დაწყებული რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, არიან ადამიანები, ვინც ამას დაადასტურებენ.”- წერს გოგაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები