1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა - “ფლანგვის დეტექტორი”

"ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები 1.5 მილიონი ლარით, 18 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაოები კი "ქართული ოცნების" დონორების კომპანიამ - შპს "ჯეუ გრუპმა" - შეასრულა.

 

მერიამ ტენდერი 2023 წლის 12 აპრილს გამოაცხადა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17,221,286 მილიონი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს ჯეუ გრუპმა გამოთქვა, რომელმაც შეთავაზებული 16 529 440 ლარით აღნიშნულ ტენდერი უნდა შეესრულებინა.

 

"2023 წლის 11 აგვისტოს ცვლილებით ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1,490,861 ლარით გაიზარდა და 18,020,301 ლარი გახდა. ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ავტოტრანსპორტის გადაადგილების პროექტი დასახელდა. პროექტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშოები შესაბამისობაში არ მოდიოდა ქუჩის რეაბილიტაციის თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვასთან. ამის შემდეგ, 2023 წლის 28 ნოემბერს, ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სამუშაოების მოცულობა დაზუსტდა და ის საბოლოოდ ჯამში 407 ლარითა და 88 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 18,019,893 ლარი გახდა", - ამბობს 

ორგანიზაცია. 

 

გარდა ამისა, "ფლანგვის დეტექტორი" ამბობს, რომ სახელშეკრულებო პირობებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ოფიციალურად 4 დეკემბერს დასრულდა. 

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ კომპანია ჯამში სამჯერ დააჯარიმა სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო. ჯარიმების საერთო ღირებულებამ 32,500 ლარი შეადგინა.

 

ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამ კომპანიას სახელმწიფოსგან 389 მილიონი ლარის ტენდერები და 8 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები აქვს მიღებული (ჯამში 397 მილიონი ლარი).

 

"სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო, შპს ჯეუ გრუპი წარსულში თავად თბილისის მერი კახი კალაძის კრიტიკის ობიექტიც გამხდარა.

შპს ჯეუ გრუპი იყო კომპანია, რომელმაც ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია 8 თვის დაგვიანებით დაასრულა", - ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები