ბიზნესი
ლიბერთი #გულით სოლიდარობის ფონდისთვის
2020-12-31 14:40:31
დღეს, ლიბერთი ბანკსა და სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ მემორანდუმის ხელმოწერით კიდევ ერთხელ განმტკიცდა 6 წლიანი პარტნიორობა და ლიბერთიმ კიდევ ერთხელ, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ‘ლიბერთი #გულით’ ფარგლებში, გამოხატა მზაობა 2021 წლის განმავლობაში საკუთარი ფინანსური სახსრებით ყოველთვიურად უზრუნველყოს ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.
ლიბერთი ბანკი და სოლიდარობის ფონდი 2014 წლიდან წარმატებით თანამშრომლობენ.
წლების განმავლობაში, ბანკის საკუთარი რესურსის გარდა, სპეციალურად შექმნილი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ბანკის თანამშრომლებისა და ასევე, მომხმარებლების მიერ გამოყენებული საბანკო პროდუქტებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ყოველთვურად ირიცხებოდა ფონდის ანგარიშზე. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე ლიბერთი ბანკის მიერ სოლიდარობის ფონდში 900 ათას ლარამდე თანხაა ჩარიცხული. გასული წლების მანძილზე, ამ რესურსით არაერთ მოზარდს გაეწია აუცილებელი სამედიცინო დახმარება. სოლიდარობის ფონდმა დაარსებიდან დღემდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 782 ბავშვსა და 22 წლამდე ახალგაზრდას მკურნალობა და დიაგნოსტიკა დაუფინანსა. ფონდში მობილიზებული თანხის 100% სრულად ხმარდება ბენეფიციარებისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსებას.
“პანდემიის გამო შექმნილმა ახალმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გყავდეს ერთგული მეგობრები. “ლიბერთი ბანკი” “სოლიდარობის ფონდის” ის მეგობარია, რომელიც ორგანიზაციის დაარსების დღიდან გვერდში უდგას ჩვენს ბენეფიციარებს. 2014 წლიდან დღემდე “ლიბერთი ბანკსა” და “საქართველოს სოლიდარობის ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგლებში ქველმოქმედებისთვის რამდენიმე ათეული ათასი ლარი გადმოირიცხა. ეს თანხები კი სრულად მოხმარდა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობისა და დიაგნოსტირების დაფინანსებას.
“ლიბერთი ბანკის” ახალი სლოგანი “დაეხმარე მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება” ზუსტად ამართლებს და შეესაბამება ბანკის ღირებულებებს. “ლიბერთი” დღეს ნამდვილად იმ ბანეფიციარების გვერდით დგას, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება, მისაბაძი მაგალითია კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის.
თითოეული ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “ლიბერთი ბანკს” უწყვეტი და უანგარო სიკეთისთვის. “სოლიდარობის ფონდში” ჩარიცხული თითოეული ლარი კიდევ ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. თქვენი მხარდაჭერა ჩვენ გვაძლიერებს!” - ია მაქაცარია, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
" წელს მთელი ჩვენი რესურსი მიმართული იყო ქველმოქმედებაზე და სწორედ ისეთი პროექტების განხორციელებაზე რომლითაც გვერდში დავუდექით სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა უკვე მრავალი წელია ლიბერთი ბანკისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვებით საჭირო რესურსების მობილიზების კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ თითოეული მოზარდის სიცოცხლის შენარჩუნებაში.” – ვასილ ხოდელი, ლიბერთის გენერალური დირექტორი.
კომენტარები