0 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ერთი ნორჩი ნაძვის ძირას, ყაყაჩოში, საუკუნოდ ჩაგეძინა“

ჩამოტვირთვა

„მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს, როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი, რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არი. და რადგან მერგო – ვიყო პოეტი ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ, რადგან ამქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო, რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა, ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, - მჯერა, ამ დიად ბუნების კართან მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად! დიახ, ამ ადამიანმა შეასრულა დანაპირები, - მან მართლაც გარდაქმნა ლექსად სიკვდილი, მაგრამ თავად კი ვერ დაამარცხა იგი.... სიკვდილის წინ ორი რამ ისურვა , - ვაჟა-ფშაველასავით მშობლიური წყაროს წყალი ინატრა და მეორე – მოხუცი მამის ხილვა არ ასვენებდა, სიკვდილი ერთბაშად მოვიდა, ლექსის წერისას მოუსწრო ... ჰაერში ხელით რაღაც მოხაზა, ბაგე ოდნავ გახსნა და “მა...ა”-ს მსგავსი ბგერა აღმოხდა. ის იყო სხეული სარეცელზე გასწორდა, რომ კიბეზე დინჯად ამომავალი კაცის ფეხის ხმა გაისმა – ოთახში მამა შემოვიდა. დაიგვიანა მოხუცმა, ვაი, რომ დაიგვიანა, ვეღარ აუსრულა შვილს ნატვრა. 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლის ასაკში სამუდამოდ დახუჭა თვალები. ყველაფერი კი 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში დაიწყო. ყრმას მალე დაატოვებინეს ის ადგილი, სადაც პირველად დაირწა მისი აკვანი და მშობლიურ ბარდნალას გაუყენეს. დიახ ეს ლადო ასათიანია... პოეტი, რომელიც ტკივილამდე განიცდიდა...განიცდიდა ნაწარმოებთა გმირების თავგადასავალს.“იავნანამ რა ჰქმნა?” პირველი მოთხრობა იყო, რომ ვიტირე. მერე- “მაგდანას ლურჯა” და “ქაჯანა”, შემდეგ “ვეფხისტყაოსნის” გმირთა თავგადასავალი მატირებდაო”. -წერს პოეტი. ლადო ასათიანმა ყმაწვილკაცობა ბარდნალაში გაატარა. მერე კი “სავარდო და სამაისო” ქუთაისს უკვე დავაჟკაცებული დაუბრუნდა და ხანმოკლე ცხოვრების ლამაზი ნაწილიც სწორედ მისი სანახებისა და ისტორიული ძეგლების ალერსში გაატარა. მეამბოხე სულის პატრონს ერთ ადგილზე ყოფნა უჭირდა. იგი ტკივილამდე განიცდიდა ბუნების სილამაზეს. პოეტის სულიერ დახვეწაში ოჯახმა დიდი როლი შეასრულა. ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ. სამწუხაროდ, იმ ავბედით 1937 წელს, გაუთავებელი თავნებობის პერიოდში, ლადოს დედა დააპატიმრეს და გადაასახლეს კიდეც. მომავალი პოეტი კი “ხალხის მტრის შვილად” გამოაცხადეს და ინსტიტუტიდანაც გარიცხეს. დედის დაკარგვამ ლადო ასათიანის სულიერ სამყაროს წარუშლელი კვალი დააჩნია, ჭაბუკს სევდა მოეძალა და უკიდეგანო ქვეყანაზე ადგილს ვერსად პოულობდა. დედაზე დარდი მის პოეზიასაც დაეტყო: ...“ისევ ისე ვარ, მწუხარებით განახელები, და მეძახიან შორეული ჩრდილოეთიდან სანუგეშებლად გამოწვდილი დედის ხელები.. „ საბედნიეროდ, კეთილ ადამიანებს რა გამოლევს საქართველოში, - ბოლოს და ბოლოს, გაუგეს ახალგაზრდას და მეოთხე კურსზე აღადგინეს, ამჯერად ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ლადო ქუთაისში დერჟინსკის ქუჩაზე ხელმოკლედ ცხოვრობდა. ეს მის დაქირავებულ ბინასაც ეტყობოდა, - მეგობრები ხუმრობით “ასანთის კოლოფს” ეძახდნენ. ვიწრო, ღარიბულ ოთახში რკინის უბრალო საწოლი იდგა. პატარა მაგიდაზე მოსწავლის “ძაბრიანი” სამელნე , წიგნები, ჟურნალ-გაზეთები. კედლიდან კი ვაჟა-ფშაველა და ბაირონი იღიმოდნენ. უნივერსიტეტი მან 1938 წელს დაასრულა და ქუთაისსაც დაემშვიდობა. ლადო ასათიანის ლექსებში მძაფრად გამოსჭვივის სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარული: რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! პატრიოტიზმის ნათელ სხივად შემოიჭრა ქართულ პოეზიაში ლადო ასათიანის “სალაღობო”. ზოგადად პოეტის პოეზია სიმამაცისა და ქართველობის სხივებითაა განათებული. ლადო ასათიანი ფიროსმანივით თვითმყოფადი შემოქმედია. ალბათ, ამან განაპირობა ის სულიერი სიახლოვე, რომელიც პოეტს ასე აკავშირებდა მხატვართან... ამიტომაც იყო, რომ პოეტს არ ასვენებდა ფიქრი დიდ შემოქმედზე და დღენიადაგ მის ნაკვალევს დასდევდა. განსაკუთრებით თავაღერებული სიარული უყვარდა რუსთაველის პროსპექტზე. 1939 წლის ოქტომბერში პოეტი სავალდებულო სამხხედრო სამსახურში გაიწვიეს. ნაწილში მიმავალი პოეტი გზაში გაცივდა და ავადმყოფობაც გაურთულდა, - დღენიადაგ სიცხე მოსვენებას არ აძლევდა. საგარნიზორო კომისია იძულებული გახდა, წითელიარმიის რიგებიდან დაეთხოვა ლადო ასათიანი. ლადოს თბილისში დიდი იმედებით შეხვდნენ მეგობრები. აბა იმხანად ვინ იფიქრებდა, თუ სამიოდე წლის შემდეგ ერთბაშად ჩაიფერფლებოდა ნაღვერდალივით მობრიალე ნიჭი პოეტისა. ლადოს სიხარულიც ელოდა: 1940 წელს დღის სინათლე იხილა მისი ლექსების პირველმა წიგნმა.– 1941 წლიდან ლადოს ავადმყოფობა გაურთულდა. ჭლექს ისე მტკიცედ გაედგა ფესვები პოეტის ფილტვებში, რომ სუნთქვა უჭირდა, ხველა ხომ მოსვენებას არ აძლევდა – ექიმების რჩევით აბასთუმანში წასვლა აუცილებელი გახდა, მაგრამ ვაი, რომ დაგვიანებული აღმოჩნდა... აბასთუმანში პოეტი სევდას როდი მიეცა, იგი დღენიადაგ პოეზიაზე ფიქრობდა, თითქოსდა ეშურებოდა, რაც შეიძლება მეტი მოესწრო, მეტი შედევრი დაეტოვებინა შთამომავლობისათვის...მართალია, ლექსის სტრიქონებში სევდაა შეპარული, მაგრამ, როგორც სასაფლაოზე მორაკრაკე ნაკადული, ისეთივე ძალითა და სილამაზით იგრძნობა მასში სიცოცხლე. როდესაც ავდმყოფობა მიეძალა, განერვიულდა. აბასთუმანი მიატოვა და საყვარელ თბილისში დაბრუნდა. მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით გადაწყვიტა სიკვდილს შებრძოლებოდა. მის სტრიქონებში ცეცხლი გიზგიზებს, ცეცხლი, რომელიც მკითხველს კიდეც ათბობს და კიდევაც აღაგზნებს. ლადო ასათიანის ლექსებში აქტუალურია ყაყაჩოს თემატიკა: ყაყაჩო სამშობლოსათვის თავდადებული გმირის სისხლია, სიკეთისა ადა ბედნიერების მაუწყებელი ნიშანი, ლამაზი ქალის სიმბოლური სახეცვლილება”. და მაინც, ლადო ასათიანის ყაყჩოები წინაპართა დაღვრილი სისხლისთვის მიძღვნილი ჰიმნია, მათი მარადიული ძეგლებია მიწიდან ამოწვერილი, რათა შთამომავლობის ხსოვნის სალაროს ჟანგი არ მოეკიდოს. ლადო ასათიანის ყაყაჩოები იმდენად სპეტაკნი გახლავთ, რომ მათი ხილვისას მოკრძალება გეუფლებათ და ქედსაც კი იხრით მამულიშვილთა თავდადების წინაშე. ალბათ, ამიტომ განაცხადა ხმამაღლა ანა კალანდაძემ პოეტისადმი მიძღვნილ ერთ ლექსში: ...“მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა, ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს ... არა, ლადო, აღარ მოწყვეტ ყაყაჩოებს“! მართლაცდა სამუდამოდ ჩაეძინა დიდ პოეტს, თუმცა საკუთარი უკვდავება მის ლექსებშივე მოათავსა და ახლაც და მომავალშიც დიდხანს იცოცხლებს ქართველი ხალხის გულებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები