1 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკოს წევრის ივანე ნორაკიძის განცხადება ვიდეოფიქსაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრმა ივანე ნორაკიძემ დღეს ბრიფინგი გამართა და ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის შესახებ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„2 ოქტომბრის არჩევნებზე 3 200 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურებს სპეციალური კამერები გადაიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტია იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესები კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარიმართოს. გადაღებული ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება google drive-ის პლატფორმაზე ატვირთული და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ დეტალებში ნახოს ეს ვიდეომასალა. ეს გადაწყვეტილება, რომლის დანერგვას და განხორციელებას უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარის მითითებით ვხელმძღვანელობ, რა თქმა უნდა, ზრდის პროცესის გამჭვირვალობის ხარისხს როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის.

თუმცა, უკვე დაიწყო მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება ამ მიმართულებით და დღეს პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს, ცესკომ შეიმუშავა ვიდეოფიქსაციის ისეთი წესი, რომელიც შეუძლებელს ხდის ხმების დათვლის პროცესში ბიულეტენის მკაფიო ვიდეოგადაღებას და ამრიგად იძლევა ხმებით მანიპულირების საშუალებას. მსგავსი განცხადებები საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოიაზრება როგორც დისკრედიტაციის მცდელობა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დაზიანება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე 3 200 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის ვიდეოგადაღება განხორციელდება ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, კერძოდ: ვიდეოკამერები იქნება განთავსებული იმდაგვარად, რომ სრულად ჩანდეს ხმის დათვლის პროცესი და საარჩევნო ბიულეტენების განთავსების ადგილი საარჩევნო ურნის გახსნის მომენტიდან საარჩევნო ბიულეტენების დალუქვის ანუ ხმის დათვლის დასრულების მომენტამდე.

ამ საკითხზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს საუბნო საარჩევნო კომისიების იმ წევრების ტრენინგი (მათ შორის ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრების), რომლებიც უშუალოდ უბანზე განახორციელებენ ვიდეო გადაღებას და მათ ინსტრუქცია ეძლევათ სწორედ ზემოხსენებული წესით განახორციელონ ვიდეოგადაღება.

მინდა აღვნიშნო, რომ ვიდეოგადაღება საპილოტე რეჟიმში უკვე განხორციელდა კრწანისის ოლქში, სადაც შემოწმდა ვიდეო გადაღების ხარისხი როგორც ახლო მანძილიდან, ისე შორი დისტანციიდან და შედეგად ცესკომ მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება ხმის დათვლის პროცესის ხარისხიანი ვიდეო გადაღებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომ არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში,"- განაცხადა ივანე ნორაკიძემ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები