0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პორშეს ახალი სრულად ელექტრო მაკანი მსოფლიო პრემიერამდე ექსტრემალურ პირობებში გამოსცადეს

 

  • პორშეს სრულად ელექტრო SUV-ის მსოფლიო პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება

 

  • ელექტრო მაკანმა ტესტზე უკვე 3,5 მილიონი კილომეტრი გაიარა

 

Porsche Macan_ის ბაზარზე გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ბრენდი მოდელის ახალი, მეორე თაობის წარდგენისთვის ემზადება. სრულად ელექტრო პორშე მაკანი არის პირველი პორშე ახალ პლატფორმაზე, რომელსაც Premium Platform Electric ეწოდება. პორშემ თავისი ახალი მოდელი,  რთული და ინტენსიური სატესტო პროგრამით გამოსცადა, რათა წარმატებული SUV-ის შემცვლელი მსოფლიო პრემიერას აბსოლუტურ მზადყოფნაში შეხვდეს. განახლებული მაკანი სავსებით შეცვლილი, ახალი პროდუქტია, შესაბამისად, პორშეს ინჟინრებმა მის განვითარებასა და გამოცდაში დიდი რესურსი ჩადეს.

ახალი მოდელის პროტოტიპის რეალურ გამოცდას პორშესთვის ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამას ემატება სიმულაციები ვირტუალურ სამყაროში და ტესტები აეროდინამიკურ მილებში, რომლებიც ჰაერის ნაკადის ობიექტთან ურთიერთქმედების მოდელირებისათვისაა განკუთვნილი. ახალი პორშე არა მხოლოდ უფრო სპორტული, არამედ უფრო ეფექტიანიც უნდა იყოს.

ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,25 - დიზაინერების და აეროდინამიკოსების წარმატება

პორშეს ახალ მოდელზე მუშაობის მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა, შეენარჩუნებინათ მაკანის, როგორც წარმატებული პროდუქტის, იდენტობა და ამავდროულად შეესრულებინათ აეროდინამიკის ის მოთხოვნები, რაც მნიშვნელოვანია მაღალეფექტიანობისთვის, რათა ელექტრომობილმა ერთი დამუხტვით მაქსიმალურად დიდი მანძილი გაიაროს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დიზაინისა და აეროდინამიკის განყოფილებების ურთიერთშეთანხმებული მუშაობა.

იორგ კერნერი, პორშე მაკანის წარმოების ხელმძღვანელი:როდესაც ახალ მოდელზე ვმუშაობთ, სვლის დინამიკას, რა თქმა უნდა, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ - ეს ხომ პორშეა?! სწორედ ეს არის ჩვენი დნმ. თუმცა ეფექტიანობაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, ისევ, როგორც დიზაინი. ჩვენი გუნდი მუშაობდა თითოეულ მილიმეტრზე, რათა ესთეტიკასა და ფუნქციურობას შორის ოპტიმალური ბალანსი მიგვეღო“.

პორშეს გუნდმა შეძლო და იპოვა ოქროს შუალედი დიზაინის დნმ-სა და ერთი დამუხტვით გასავლელი რესურსისთვის აუცილებელ აეროდინამიკას შორის. აეროდინამიკის აქტიური ელემენტები ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის მიხედვითაა ოპტიმიზებული. ახალი მოდელი აღჭურვილია ავტომატურად მოძრავი უკანა სპოილერითა და გაგრილების აქტიური სარქვლებით ჰაერის წინა შემშვებებზე.

ახალი შედეგით კი პორშე მაკანს მსოფლიოში ხელმისაწვდომ SUV-ებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო აეროდინამიკა აქვს. კლასიკური, კრუიზირების ტიპის მართვის დროს მაკანი ავტომატურად იღებს აეროდინამიკისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ასეთ დროს უკანა სპოილერი ეკოპოზიციაში გადადის, ჰაერის სარქვლები იხურება, სავალი ნაწილის დონე იწევა. ამ შემთხვევაში ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,25-ია, რაც გაუმჯობესებული შედეგია და დიდ გავლენას მოახდენს ეფექტიანობაზე, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი, WLTP-ის მიხედვით, მინიმუმ, 500 კილომეტრით განისაზღვრა.

სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა ყველა ბაზარზე

ახალი მაკანის ელექტროძრავები ენერგიას იატაკში განთავსებული ლითიუმ-იონური ელემენტებისგან იღებს, რომელთა 100 კვ.სთ ტევადობიდან 95 კვ.სთ-ია გამოყენებადი. ახალი პლატფორმის 800-ვოლტიანი არქიტექტურა ელექტრო მაკანს საშუალებას აძლევს, სწრაფად დაიტენოს და ეს პროცესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადის გამოცდას.

იორგ კერნერი, პორშე მაკანის წარმოების ხელმძღვანელი: „სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება დატენის სტანდარტები. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ახალი მოდელის პროტოტიპები განსხვავებულ პირობებში, ადგილზევე გამოვცადოთ და ტექნოლოგია ჩვენი რეალიზაციის ბაზრებს მაქსიმალურად მოვარგოთ. ავტომობილის დატენა ყველგან და ყოველთვის უპრობლემოდ უნდა იყოს შესაძლებელი“.

800-ვოლტიან სვეტებზე ახალი მაკანის DC-დამუხტვის სიმძლავრე 270 კილოვატამდეა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილი 10-დან 80 პროცენტამდე 22 წუთზე ნაკლებ დროში დაიტენოს. 400-ვოლტიან სვეტებზე საქმეში ერთვება მაღალვოლტიანი გადამრთველი, რომელიც 800-ვოლტიან ბატარეას ორი, 400-400-ვოლტიანი სისტემით მუხტავს. ამით შესაძლებელია განსაკუთრებით ეფექტიანი დამუხტვა დამატებითი HV-ბუსტერის გარეშე, 150-კილოვატიანი სიმძლავრით, ხოლო AC-დამუხტვა 11-კილოვატიანი სიმძლავრითაა შესაძლებელი.

ტესტები ექსტრემალურ პირობებში

პორშეს ახალი მაკანი შექმნილია მისთვის დამახასიათებელი სვლის დინამიკითა და მოხვევის დროს სიმძლავრის  პრინციპებით. ხანგრძლივი ტესტების დროს ავტომობილის ფუნქციონირების სრული ციკლის სიმულირება იმაზე გაცილებით რთულ პირობებში მიმდინარეობს, ვიდრე მომხმარებლებს რეალურ პირობებში მოუწევთ. ახალი მაკანის პროტოტიპებმა დღემდე სატესტო რეჟიმში 3,5 მილიონზე მეტი კილომეტრი დაფარეს, თანაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტესტები მოიცავს ნებისმიერ ამინდსა და ტემპერატურას, სკანდინავიის -30 გრადუსით დაწყებული,  კალიფორნიის Death Valley-ს +50 გრადუსამდე. რათა SUV გზის ნებისმიერი სახის ზედაპირზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს, ელექტრომობილი ტესტირებას გადის უგზოობის, ტალახიანი, თოვლიანი და ყინულიანი გზის პირობებშიც კი.

უგზოობის პირობებში თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს პორშე მაკანის სრული ამძრაობის 4x4 სისტემა, რომელიც უკანა ღერძზეა ორიენტირებული. პორშე აქცენტს აკეთებს წინა და უკანა ღერძებზე განთავსებულ, უახლესი თაობის PSM მოტორებზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება 450 კვ-ზე მეტი Overboost-სიმძლავრე.

გარდა ამისა, იმ მიზნით, რომ ახალი მაკანი სპორტულობისა და კომფორტულობის იდეალურ შერწყმას წარმოადგენდეს, ინჟინრებმა ახალი მოდელის დაკიდების აქტიური სისტემის მენეჯმენტი ამორტიზაციის 2-სარქვლიანი ტექნოლოგიით აღჭურვეს. ამას ემატება პნევმატიკური საკიდარი, უკანა ღერძის გვერდული ბლოკირება და რაც ყველაზე საინტერესოა, პირველად უკანა ბორბლების მოხვევა 5 გრადუსამდე.

--

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად  „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები