1 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20-21 ივნისის დარბევა - ასე ურტყამდა შსს-ს თანამშრომელი დაკავებულ აქციის მონაწილეს

ჩამოტვირთვა

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს ბრიფინგზე პროკურორმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა.

„20-21 ივნისს, საქართველოს  პარლამენტის შენობის  მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი“, – განაცხადა კაციტაძემ.

მისი თქმით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ  2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე. უწყებამ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით“, – აღნიშნა პროკურორმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, პარლამენტის შენობის  მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის გამოკითხულია ასეულობით პირი, მიმდინაროებს საქმეზე მოპოვებული ვიდეო-აუდიო მტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

„საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საქართველოს გენერალური პროკურატურა  მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს  სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოცემული საქმის ფარგლებში მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები