0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

30 UNDER 30 • Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი და დაჯილდოების ცერემონია თიბისი კონცეპტში გაიმართება

11 მაისს Forbes Georgia პარტნიორებთან ერთად მეოთხედ გამოავლენს პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებს. 11 მაისსვე, თიბისი კონცეპტის სივრცეში საქართველოში პირველად, Forbes-ის ახალგაზრდული სამიტი - „Forbes Under 30 Summit“ გაიმართება.  Forbes 30 Under 30 2021-ის მთავარი პარტნიორი თიბისია, პროექტის პარტნიორია გალფი, ხოლო პროექტის ორგანიზატორია კონსიერჟ თბილისი.

Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გამბედაობით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიის გავლენა დამანგრეველი ეფექტისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი. წელს მეორედ, Forbes Georgia გამოავლენს საკუთარ რჩეულსაც.

გამარჯვებულების დასახელებამდე, სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდულ სამიტში, რომლის მთავარი სპიკერი თომას კლეინერია - ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი წარმოადგენს მოხსენებას: გახდი მომავლის ლიდერი - ემოციური ინტელექტი სამუშაო გარემოში.

შეგახსენებთ, რომ 30 Under 30 აპლიკაციების მიღება გასული წლის დეკემბერში დაიწყო - ასეულობით აპლიკაციიდან გამარჯვებულების შესარჩევად პროექტის საორგანიზაციო ჯგუფმა სფეროს პროფესიონალებისა და ლიდერებისგან ჟიური დააკომპლექტა. სწორედ მათი დახმარებით გამოვარჩიეთ 30 წლამდე ასაკის ნოვატორები, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.

 „თიბისი დაარსებიდან დღემდე, უკვე სამი ათწლეულია ახალგაზრდა ლიდერების მხარდამჭერია.  ეს პროექტი პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას და მათ გაძლიერებას ეხება. ისინი ქმნიან საქართველოს მომავალს და მათი მხარდაჭერა ჩემი, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი კომპანიის ლიდერის, უპირველესი ამოცანაა.

მჯერა, რომ ფორბსის აღიარება მოტივაციას გაუზრდის, გზას გაუხსნის და მეტ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„კომპანია გალფისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა. ვფიქრობ, ფორბსის 30 წლამდელთა პროექტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის მომავლისთვის, რადგან აერთიანებს იმ ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც უდიდეს ზეგავლენას ახდენენ განვითარების პროცესებზე, შემოაქვთ სიახლეები და ემსახურებიან პროგრესს. ქვეყნის განვითარების პროცესები სწორედ მათ ხელშია და ეს ყველაფერი საბოლოოდ განაპირობებს მეტ ინვესტიციასა  და ეკონომიკურ ზრდას,“ – ქრეიგ კრამერი,  გალფი საქართველოს გენერალური დირექტორი.

„კონსიერჟ თბილისი უკვე მეორე წელია Forbes Georgia-ს 30 წლამდელთა დაჯილდოების ორგანიზატორია. წელს ერთობლივად პროექტის სულ სხვა საფეხურზე აყვანა დავისახეთ მიზნად. ძალიან მალე 30 Under 30 მიიღებს სრულყოფილი მედია პლატფორმის სახეს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა და გაბედული ლიდერების წინა პლანზე წამოწევას. მათი პოპულარიზაცია ეფექტური ვიდეო ფორმატებისა და სხვადასხვა არხების გამოყენებით მთელი წლის განმავლობაში მოხდება.

ჩვენი მიზანია 30 – წლამდელთა ფორბსის სია გახდეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არამარტო საქართველოში არამედ რეგიონშიც,“ – ლიზი ხაბაზაშვილი, კონსიერჟ თბილისის დამფუძნებელი.

„Forbes Georgia-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30 Under 30 უკვე მეოთხე წელია  საუკეთესო ასპარეზია  მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის. მათ აქვთ შანსი მიიღონ მნიშვნელოვანი აღიარება მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან. ეს აღიარება და 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის მის მონაწილეებს. „ფორბსის“ და BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით ჩვენი სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ“, – გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

ახალგაზრდული სამიტისა და 30 Under 30 დაჯილდოების ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება Forbes Georgia-ს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები