1 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციამ ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა - ამოღებულია ე.წ. "ობშიაკის" თანხა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი 

ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

ბოლო 2 დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს. 

დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. 

დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ლამბო“), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად „ოსკარი“, იგივე „ალესკერი“), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად „ხომეინი“), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად „გოჭი“), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად „ჯოლო“), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად „წიე“) და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად „ყურშა“). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად „ლერის“) ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს. 

აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს, როგორიცაა სარგებლისა და უპირატესობის მიღება, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭება და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა. 

დაკავებულთა შორის 4 პირი ღიად აღიარებდა ე.წ. ქურდულ სამყაროს და მისდამი მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდა. ისინი ე.წ. კანონიერი ქურდების - „გულის“, მისი ძმის - ნამიკ სალიფოვის და მათი გარემოცვის სასარგებლოდ, ასევე, მათი სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კუთვნილი ავტომობილი გამოსძალეს, ხოლო სხვა მოქალაქეს ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად 4 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილებისა და შვილიშვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი, მეტსახელად „ლერი“ კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „საერთოს“ (იგივე „ობშიაკს“) და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან. მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობდა დაკავებულთა შორის მყოფი, ე.წ. ქურდული სამყაროს 5 წევრი. 

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია ლავასოღლის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. „ობშიაკის“ თანხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტებზე, რომელიც საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები