0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დღეს ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა, ერთ-ერთი მოზარდია” - სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება

 

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

 

"დღეს ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მოზარდის ცხედარია, მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი და დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნა ამ წუთებში ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჟამად აქტიური სამუშაოები 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას ცხედრების შესახებ, სამწუხაროდ, არ მინდა რომ რაღაც ისეთი ინფორმაციის გაჟღერება მომიწიოს, რაც შემდგომ არ დადასტურდეს, ეს არის ერთი მოზარდი და ერთი მდედრობითი სქესის, თუმცა ჯერ კიდევ არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ პროზექტურაში არიან გადასვენებული. ამ დროისთვის ოთხია, თუ არ ვცდები, რომლის იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს და ეს არის ამ დროის მდგომარეობა. დღევანდელი ცხედარი არც ერთი არ არის ამოცნობილი" - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა.

 

თემურ მღებრიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა სტიქიის ზონაში არსებულ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მაშველები უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, აქტიურ სამუშაოებს აწარმოებენ სტიქიის ზონაში.

 

"როგორც გუშინ, დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 9 ლოკაციაზე. წავიწიეთ წინ და ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. მაქსიმალურად ხელს გვიწყობს ახლა სიტუაცია. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, რომ ეს მასა, რომელიც შემოწმებული გვაქვს ბუნებრივის მსგავსად ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ იქ ადგილი გავათავისუფლოთ. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ მაღალი ტემპერატურაა და შესაბამისად, არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული პირბადეების საშუალებით. ასევე, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს პროტოკოლის ფარგლებში, რაც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში", აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გარდაცვლილების და დაკარგულების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ - "გასაჯაროების შესახებ ინფორმაციას ახლა მე ვერაფერს გეტყვით. ჩემი აზრით, ეს უნდა შეთანხმდეს უშუალოდ ჭირისუფლებთან და მათი ნებართვის შემდეგ შეიძლება გასაჯაროვდეს, თუმცა მე მაგაზე მეტს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ".

 

სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები