0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ გამოფენის ფარგლებში თიბისი კონცეპტის სივრცეში გამოფენის ტურები იმართება

„ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ გამოფენის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაესწრონ როგორც გამოფენის, ისე არქიტექტურულ ტურებს.

 

გამოფენის ტურები გაიმართება თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, 31 ოქტომბერს, 14 და 25 ნოემბერს. ტურებს ჩაატარებენ გამოფენის თანაკურატორი ნინი ფალავანდიშვილი, გამოფენის კურატორები დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია და არქიტექტორი გიგი შუკაკიძე.

 

არქიტექტურული ტურები გაიმართება 30 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს. ტურს გაუძღვებიან არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი და კურატორი და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი.

 

არქიტექტორ ლევან კალანდარიშვილთან ერთად ტურის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილისა და მისი თანაავტორების მიერ შექმნილი პროექტების მიხედვით აშენებული თბილისის ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობები, როგორებიცაა სპორტის სასახლე, ალპური კლუბი და ჭადრაკის სასახლე, ტელეგრაფი, ორი საცხოვრებელი სახლი და ხელოვნების მუშაკთა სახლი. ყურადღება გამახვილდება იმ გამოწვევებზე რომელიც იდგა XX საუკუნის 50-70 წლებში ქართველი არქიტექტორების წინაშე და ნაჩვენები იქნება რამდენად წარმატებული იყო მათ გადალახვაში ბატონი ლადო თავის კოლეგებთან ერთად. კონკრეტულ მაგალითებზე განიხილება არქიტექტორის საინტერესო მიგნებები და ის პროცესები რომელიც თან ახლდა მის შემოქმედებით ძიებას. საუბარი ასევე შეეხება მისი არქიტექტურული მემკვიდრეობის დღევანდელ მდგომარეობას და შენარჩუნების აუცილებლობას.

 

გამოფენის თანა-კურატორთან, ნინი ფალავანდიშვილთან  ერთად მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შერჩეული  შენობები - სპორტის სასახლე, ცენტრალური ტელეგრაფი, ჭადრაკის სასახლე, ორი საცხოვრებელი სახლი, ასევე  საშუალება ექნებათ კურატორთან ერთად ადგილზე შეიგრძნონ ამ შენობების გამორჩეულობა, სილამაზე, არქიტექტურული თუ საინჟინრო მიგნებები.

 

გამოფენა „ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ , თიბისის ორგანიზებით 20 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში გაიხსნა და გაგრძელდება 31 დეკემბრამდე.

 

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის (1915-1978) ნამუშევრების ფართო კოლექცია. იგი გვაჩვენებს არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობამდე. ორმოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა ასახავს როგორც პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას, ასევე ცვლილებებს მისი ნამუშევრების სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. გამოფენილი მასალა მოიცავს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო მასალას და მაკეტებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები