1 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეწვიეთ საქართველოს, გააღიზიანეთ პუტინი - CNN-ზე ამერიკელი ჟურნალისტის ბლოგი

CNN-ზე ამერიკელი ჟურნალისტი ბლოგის აქვეყნებს, სადაც ის მოგზაურებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს. ვილ ქეზქარტი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ის მიმართავს ნებისმიერი გემოვნებისა თუ ინტერესის ადამიანს, ეწვიოს საქართველოს. 

“ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის მოყვარულებო, მთასვლელებო და ზღვის მოყვარულებო - ძვირფასო რომანტიკოსებო, თუ ისტორიკოსებო - ნებისმიერო ადამიანო, რომელიც ეძებ თავგადასავალს ან უბრალოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გაღიზიანება გინდა. საქართველოს შენ სჭირდები. თუ ოდესმე გქონია სურვილი, რომ გენახა პატარა შავიზღვისპირა ქვეყანა და ერი თურქეთსა და რუსეთს შორის, ახლა ყველაზე სწორი დროა. ხოლო ისინი, ვინც აქ უკვე ნამყოფია, მათი დაბრუნების დროა”,- წერს ჟურნალისტი. 

ავტორი ყვება ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ, როცა ქართველი ხალხი რუსი დეპუტატის გავრილოვის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე წაიყვანა. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის გამოსვლები არის რუსი პოლიტიკოსის და არა რუსი ხალხის წინააღმდეგ, რომელთა მისაღებადაც ქართველი ხალხი მზად არის. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ გამოსვლების პარალელურად პუტინმა ფრენები შეაჩერა საქართველოში და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოს მხრიდან გაგზავნა სიგნალები, ქართული ღვინის იმპორტის დაბლოკვის შესახებაც. 

“თბილისში პროტესტის გამო პუტინი ცდილობს დასაჯოს და გააკოტროს ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება...თუ პუტინი მიზანს მიაღწევს, საქართველოს ეკონომიკა 300 მილიონ დოლარს დაკარგავს”,- წერს ავტორი. 

მისი აზრით, პუტინი ამ ყველაფერს 2 მიზეზის გამო აკეთებს: 

“1- ის შეშინებულია, რომ რუსი ხალხი დაინახავს ქართულ პროტესტს და იგივეს გაიმეორებს; 2- პუტინს სურს, რომ ეს პროტესტი რუსოფობიურად წარმოაჩინოს”,- ნათქვამია სტატიაში და აქვე აღნიშნულია, რომ სინამდვილეში რუსეთის მიერ 20%-ით ოკუპირებული საქართველოს რეალობა ასეთია: 

“ქართველებს სურთ, თავიანთი ქვეყანა უკან დაიბრუნონ და გაუზიარონ ვიზიტორებს, რადგანაც ისინი ამაყობენ ამ მიწით. ეს თავისუფლება უფრო აშინებს პუტინს, ვიდრე  ნებისმიერი სხვა არმია...საქართველოს პრობლემა კრემლთან არ მდგომარეობს რუს ხალხში. რუსები აქ მიღებულები არიან, თუმცა, რუსული ტანკები და ჯარისკაცები - არა”,- წერია სტატიაში. 

ავტორი აღნიშნავს, ქართველები ევროპელებად თვლიან საკუთარ თავს, თუმცა, აქ აღიარებულია რუსული კულტურა, ლიტერატურა, ბალეტი და ა.შ. 

“ქართველი და რუსი ხალხი დღეს ისე ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც არასდროს: ორივე ოკუპირებულია ვლადიმერ პუტინისა და მისი კორუმპირებული მეგობრების მიერ”,- ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები