0 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკომპრომისოდ სპორტული - ახალი Porsche 911 GT3 RS

ახალი Porsche 911 GT3 RS-ის კონცეფცია საიდუმლოს მის გამოსვლამდეც არავისთვის წარმოადგენდა: ეს უკომპრომისოდ, მაქსიმალური პერფორმანსისთვის შექმნილი მანქანაა. ახლა კი ის უკვე მზადაა: 525-ცხენისძალიანი სუპერსპორტული ავტომობილი ავტოსპორტის ტექნოლოგიებითა და პრინციპებით. სპორტული გენებისა და სარბოლო დნმ-ის მქონე ატმოსფერული ძრავისა და გონივრული მსუბუქი კონსტრუქციის გარდა, პირველ რიგში მისი ძრავის გაგრილებისა და აეროდინამიკის კონცეფცია ამტკიცებს მის „ახლო ნათესაურ კავშირს“ სარბოლო ბოლიდ 911 GT3 R-თან.

 

ავტომობილის შესაძლებლობების ამ დონეზე გაზრდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ცენტრალური რადიატორის კონცეფციაა, რომელიც პირველად ლე მანის კლასის ტრიუმფატორ მოდელში, 911 RSR-ში იქნა გამოყენებული და შემდეგ 911 GT3 R-შიც დაინერგა. ნაცვლად აქამდე არსებული 3-რადიატორიანი სისტემისა, ახალი 911 GT3 RS დიდ რადიატორზე აკეთებს აქცენტს, რომელიც იმ ადგილზეა პოზიციონირებული, სადაც 911-ის სხვა მოდელებს საბარგულები აქვთ. ამგვარად, შესაძლებელი გახდა, რომ გვერდით გათავისუფლებული სივრცეები ინჟინრებს აეროდინამიკის ელემენტების დასამატებლად გამოეყენებინათ.

განუწყვეტლივ რეგულირებადი ფრთის ელემენტების წინა და ორნაწილიანი უკანა ფრთა, აეროდინამიკის გასაუმჯობესებელ სხვა დეტალებთან ერთად, ზრუნავს იმაზე, რომ მიმჭერი ძალა (ქვემოთ მიმართული ძალა, რომელიც მანქანის გზასთან შეჭიდულობას აძლიერებს) 200 კმ/სთ სისწრაფის დროს 409 კილოგრამი იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი 911 GT3 RS წარმოქმნის ორჯერ მეტ მიმჭერ ძალას, ვიდრე მისი წინამორბედი (Typ 991 II) და სამჯერ მეტს, ვიდრე ამჟამინდელი 911 GT3. აღსანიშნავია, რომ 285 კმ/სთ სისწრაფის დროს ჯამური მიმჭერი ძალა 860 კილოგრამს შეადგენს.

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სერიული პორშე პირველად აღიჭურვა DRS სისტემით. აეროდინამიკური წინაღობის შესამცირებლად და ტრეკის სწორ მონაკვეთზე მეტი სისწრაფის უზრუნველსაყოფად, DRS-ის ღილაკით გააქტიურებით ფრთები გასწორდება. მაღალი სისწრაფიდან მაქსიმალური დამუხრუჭების დროს პნევმატიკური მუხრუჭი აქტიურდება: ფრთების ელემენტები წინ და უკან მაქსიმალურად იწევა და იწვევს სიჩქარის აეროდინამიკურ შემცირებას.

ახალი 911 GT3 RS-ის ძარის დიზაინი აეროდინამიკის საკმაოდ ბევრ ფუნქციურ ელემენტს მოიცავს. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ყველა მიმართულებით ზომაში გაზრდილი უკანა ფრთაა. ის შედგება მყარად დამაგრებული მთავარი ფრთისა და ერთი ზედა, ჰიდრავლიკურად რეგულირებადი ელემენტისგან. პორშეს სერიულ ავტომობილში პირველად მოხდა ისე, რომ უკანა ფრთის ზედა კანტი უფრო მაღლაა, ვიდრე სახურავი. ამასთანავე, 911 GT3 RS-ს წინა მხარეს აღარ აქვს სპოილერი, არამედ აქვს ე.წ. სპლიტერი, რომელიც ჰაერის ნაკადს ყოფს. წინა თვლების თაღების ვენტილაცია წინა ფრთების ცხაურებით ხდება. ასევე უკანა თაღებსაც აქვს შემშვები ჰაერის გარშემოდენის მაქსიმალური ოპტიმიზებისთვის. სწრაფად მოძრაობისას მანქანის ქვემოდან გამომავალი ჰაერის ნაკადის სიჩქარის შესამცირებლად და გზასთან შეჭიდულობის გასაზრდელად განკუთვნილი დიფუზორი 911 GT3-დანაა და ისიც ადაპტირდა.

 

სავალი ნაწილის ინჟინრებმა მაღალი სიჩქარიდან დამუხრუჭებისას წინა და უკანა ღერძებს შორის მიმჭერი ძალის ბალანსზეც იზრუნეს. 911 GT3 RS-ის წინა ღერძზე წინა ბურთულა სახსარი ახლა უფრო ქვემოთაა განთავსებული. დაიხვეწა მრავალბერკეტიანი უკანა საკიდარიც, შეიცვალა ზამბარის სიხისტის კოეფიციენტი. გაუმჯობესდა ასისტენტ-სისტემები და უკანა ღერძის მოხვევაც.

ახალ 911 GT3 RS-ს სვლის სამი რეჟიმი აქვს: ჩვეულებრივი, Sport და Track. Track, ანუ სარბოლო რეჟიმში ძირითადი პარამეტრების ინდივიდუალურად მორგებაა შესაძლებელი. ეს საკმაოდ სწრაფად და ინტუიციურად ხდება, რაც ასევე ავტოსპორტიდან გადმოტანილი მომსახურებისა და მაჩვენებლების კონცეფციის დამსახურებაა. საჭეზე 4 სელექტორია, ასევე DRS-ის ღილაკი. სელექტორები რეგულირების პროცესის დროს გრაფიკულად ხელსაწყოთა პანელზე აისახება. 911 GT3 RS-ს ასევე აქვს 911 GT3-იდან ნაცნობი track-ეკრანი. მძღოლს შეუძლია, ღილაკზე დაჭერით შეცვალოს ორივე გვერდითა 7-დუიმიან ეკრანზე გამოტანილი ინფორმაცია.

 

4,0 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული ძრავა 911 GT3-თან შედარებით ოპტიმიზებულია. სიმძლავრის მატება 525 ცხენის ძალამდე პირველ რიგში ახალი გამანაწილებელი ლილვის დამსახურებაა - შეიცვალა მისი მუშტას პროფილი. პორშეს 7-საფეხურიან გადაცემათა კოლოფს (PDK) 911 GT3-თან შედარებით შემცირებული საერთო გადაცემის რიცხვი აქვს. ახალი 911 GT3 RS ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 3,2 წამში ჩქარდება და მეშვიდე გადაცემით აღწევს მაქსიმალურ სისწრაფეს - 296 კმ/სთ-ს.

ახალი 911 GT3 RS სერიულად ალუმინის ნაჭედი დისკებით იწარმოება. წინა სპორტული საბურავების ზომა 275/35 R 20-ია, ხოლო უკანა საბურავების - 335/30 R21. ავტომობილის გამსუბუქებისთვის მიღებული უამრავი გონივრული გადაწყვეტილების შედეგად, ახალი 911 GT3 RS მხოლოდ 1 450 კილოგრამს იწონის.

ინტერიერში RS-ის სტილის დეტალებს შეხვდებით: შავი ტყავი და კარბონის დეტალები პურისტულ სპორტულ სულისკვეთებაზე ზრუნავს. ავტომობილი ხელმისაწვდომია Clubsport პაკეტით - დამატებითი ფასის გარეშე. აღნიშნული პაკეტი მოიცავს ფოლადის დამცავ მილოვან ძელს (სარბოლო მანქანის ძარის გამაძლიერებელი ელემენტი), ცეცხლმაქრსა და ასევე სპეციალურ, სარბოლო, 6-წერტილიან უსაფრთხოების ღვედს. გაცილებით მეტ საინტერესო დეტალს შეხვდებით Weissach-პაკეტში, რომელიც ფასიანია.

ახალი Porsche 911 GT3 RS-ის შეკვეთა საქართველოში გერმანული ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელ „პორშე ცენტრი თბილისში“ უკვე შესაძლებელია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები