2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ - „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში ავტოსკოლები ჩაერთნენ

„თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანია, „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“, ახალ სივრცეში გრძელდება. შემეცნებითი ვიდეორგოლებისა  და ალტერნატიული საგზაო ნიშნების შემდეგ პარტნიორ ავტოსკოლებში სტანდარტულ საგამოცდო საკითხებს 3 სახალისო კითხვა დაემატა. კითხვები კამპანიის ფარგლებში დამზადებული საგზაო ნიშნების შინაარსს შეესაბამება. თბილისში ყველაზე დიდი ავტოსკოლების - ArtDrive-ისა და Emsi Drive-ის სასწავლო კურსებზე დამწყები მძღოლებისთვის იმის შეხსენება, რომ ქუჩაში ავტომობილიდან ნაგვის გადაგდება დაუშვებელია, სასწრაფოსთვის გზის დათმობა აუცილებელია და ხმოვანი სიგნალი არამიზნობრივად არ უნდა გამოვიყენოთ, ქმნის საფუძველს მომავალში ქვეყანაში საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებისათვის.

კამპანიის ავტორები ამბობენ, რომ ეს 3 დარღვევა ყველაზე აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. ასევე კომუნიკაციის დაწყებამდე ჩატარებული კვლევის შედეგებმაც აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად აღიზიანებს, როდესაც სასწრაფოს გზას არ უთმობენ, საცობში გაბმულად „ასიგნალებენ“ და მანქანიდან ნაგავს ყრიან. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს 3 ნიშანი.

საგზაო მოძრაობის კულტურის ასამაღლებლად დაწყებული კამპანია საინტერესო და  მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავად ავტოსკოლებისთვისაც.

დავით ოძელაშვილი, „ემ სი დრაივის“ დამფუძნებელი და დირექტორი: „კამპანიაში „ემ სი დრაივის“ ჩართულობა ხაზს უსვამს ჩვენს მხარდაჭერასა და სურვილს, წვლილი შევიტანოთ საგზაო მოძრაობის კულტურის განვითარებაში. ჩვენს ავტოსკოლაში დიდი მოწონება და ენთუზიაზმი დაიმსახურა ამ კამპანიამ, რადგანაც საგზაო უსაფრთხოება და მოწესრიგებული მოძრაობა ჩვენი უპირველესი მიზანია. გადავწყვიტეთ, პროექტს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო „თეგეტა ჰოლდინგს“ ასეთი მნიშვნელოვანი კამპანიისთვის“. 

Artdrive- ში ამბობენ, რომ მათი ავტოსკოლა ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

გიორგი ბერიშვილი, “Artdrive“-ის დამფუძნებელი: „ნამდვილად ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი ამ კუთხით. ამიტომ ყველანაირად ჩართულები ვართ „თეგეტა ჰოლდინგის“ წამოწყებაში. როდესაც კომპანიას აქვს რესურსი, რეალურად მოახდინოს გავლენა საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაზე და ამას აკეთებს, მისასალმებელია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, წვლილი შევიტანოთ ამ პროექტში და მოსწავლეებამდე მივიტანოთ სასიკეთო და საჭირო ინფორმაცია“.

ბუნებრივია, საგზაო ნიშნების მსგავსად, არც ეს კითხვებია მართვის მოწმობის რეალურ საგამოცდო საკითხებში, თუმცა „თეგეტაში“ სურთ, რომ ამ გზით საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს მიაწვდინონ ხმა.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. ავტოსკოლებთან თანამშრომლობისგან სწორედ ამას ველოდებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაფიქრდეს, გაიაზროს საკუთარი ქცევის მნიშვნელობა საზოგადოების წინაშე და  ავტომობილთან შეხების პირველივე წერტილიდან ყველამ გააცნობიეროს, რა არის საგზაო მოძრაობის კულტურა“.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და გავრცელდა უჩვეულო საგზაო ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც როგორც მძღოლების, ისე ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ადამიანებს მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.

 

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები