2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

GRPO-მ, გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით განათავსა $80 მილიონი აშშ დოლარის პირველი მწვანე ობლიგაციები

სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა“ (“GRPO”) - Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი” ან “GCAP”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, განახლებადი ენერგიის აქტივების ერთ-ერთმა წამყვანმა პლატფორმამ საქართველოს მასშტაბით, სს „გალტ & თაგარტისა“ და შპს „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე უზრუნველყოფილი ობლიგაციები წარმატებით განათავსა.  $80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი, ე.წ. ბულეტ გადახდის გრაფიკის მქონე ობლიგაციების გამოშვება და განთავსება 2022 წლის 12 ოქტომბერს მოხდა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები  დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორატიულ ტრანზაქციას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე.

ობლიგაციებისთვის წარმატებული ფასწარმოქმნისა და book-building-ის შედეგად, ფიქსირებული კუპონი განისაზღვრა 7.00%-ით, გამოშვებისა და განთავსების ფასი - ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 100%-ით. ობლიგაციების შესაძენად გამოთქმული ჯამური დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ობლიგაციების ემისიის მოცულობას, ხოლო დადგენილი კუპონისთვის აღნიშნულმა გადაჭარბებამ დაახლოებით 10% შეადგინა.

მოზიდული სახსრები სრულად იქნა გამოყენებული GCAP-ის მიმართ არსებული სადამფუძნებლო სესხის რეფინანსირებისთვის, რომელიც კომპანიას მიღებული ჰქონდა $ 250,000,000 7.75% ევრო-ობლიგაციებიდან განახლებადი ენერგიის ბიზნესისთვის მიკუთვნებული დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ევრო-ობლიგაციები 2020 წლის 28 ივლისს გამოშვებული იქნა GRPO-ს ყოფილი 100%-იანი აქციონერის, სს „ჯორჯია გლობალ იუთილითიზ“ („GGU“)-ის მიერ.

GRPO-მ მწვანე ობლიგაციის ჩარჩოსთვის მოიპოვა ე.წ. მეორე მხარის მოსაზრება (Second Party Opinion) წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი კომპანია Sustainalytics-ისგან. გარიგების განთავსების აგენტებს წარმოადგენდნენ სს „გალტ & თაგარტი“ და შპს „თიბისი კაპიტალი“. სტრატეგიული ინვესტორების იურიდიულ მრჩევლებს წარმოადგენდნენ BLC Law Office და Dentons, ხოლო ემიტენტის ფინანსურ აუდიტორს - EY LLC.  გარიგებას მხარი დაუჭირეს ჯგუფის გრძელვადიანმა პარტნიორებმა - ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიამ (FMO), აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD). FMO, ADB და IFC ასევე წარმოადგენდნენ გარიგების სტრატეგიულ (anchor) ინვესტორებს.

გარიგება გამოირჩეოდა არაერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური მახასიათებლით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მათ შორის, ჯგუფის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უპრეცედენტო გამოცდილებისა და კაპიტალზე/ინვესტორთა ბაზაზე წვდომის გაზიარებას. პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში წარმატებით შესრულებული განთავსება ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მიმართ დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.

„ძალიან მოხარული ვარ გაცნობოთ რომ „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა“ წარმატებით გამოუშვა 80 მილიონი დოლარის ღირებულების მწვანე უზრუნველყოფილი ობლიგაციები, რომლის განთავსება იგეგმება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვება და ყველაზე დიდი კორპორატიული ტრანზაქცია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ვიმედოვნებთ, რომ ტრანზაქცია წაახალისებს მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და სხვა დეველოპერებს მისცემს დამატებით მოტივაციას, მათაც დააკმაყოფილონ გარემოდასცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ ინვესტორებს - FMO, IFC, EBRD და ADB; განთავსების აგენტებს - Galt & Taggart და TBC Capital; და ყველა სხვა ჩართულ მხარეს", - განაცხადა ნუკა მშვიდობაძემ, GRPO-ს ფინანსურმა დირექტორმა.

„მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცენდენტო გარიგების წარმატებით განხორციელებაში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. გარიგების უნიკალური მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა გარიგების ზომა, უზრუნველყოფა, მწვანე სტატუსი, ასევე, არასტაბილურ და მერყევ გლობალურ თუ რეგიონულ მაკროეკონომიკურ გარემოში  ხელსაყრელი ფასწარმოქმნა, ეს გარიგება ადგილობრივი თუ რეგიონული სავალო დაფინანსების გარიგებებისთვის თავისუფლად შეიძლება იქცეს ახალ ნიშნულად. მსურს, მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს  და მადლობა გადავუხადო მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“ - განაცხადა ოთარ შარიქაძემ,  „Galt & Taggart”-ის მმართველმა დირექტორმა. 

„პირველ რიგში, ვულოცავთ GRPO-ს წარმატებით დახურულ ტრანზაქციას. მოხარული ვართ, რომ საქართველოში ყველაზე მსხვილი და ამავდროულად პირველი მწვანე ადგილობრივი ობლიგაციის განთავსება, თიბისი კაპიტალის თანამონაწილეობით მოხდა. აღსანიშნავია, რომ  2 წლის წინ, GRPO-ს მშობელი კომპანიის - Georgia Global Utilities-ის მიერ, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე ევროობლიგაციის გამოშვების თანამენეჯერიც თიბისი კაპიტალი იყო. მეორე მწვანე ობლიგაციის განთავსება ხაზს უსვამს კომპანიის გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. პირველი ადგილობრივად გამოშვებული მწვანე და საქართველოში განთავსებული ყველაზე მსხვილი ობლიგაციის საშუალებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა მერი ჩაჩანიძემ, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა.  

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები