0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მხარდამჭერია

 

„თეგეტა ჰოლდინგი“ უერთდება გლობალურ წამოწყებას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კომპანია საგზაო უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია.

#იმოქმედე, #ქუჩები სიცოცხლისთვის, #შეანელე - ამ მოწოდებებით წლევანდელი აქტივობები 16-22 მაისის ჩათვლით დაიგეგმა. კვირეული, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ტარდება.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2021-2030-ის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაზიანებულთა რიცხვის 50%-ით შემცირება. ამ მიზნის მისაღწევად კი მოქმედებაა საჭირო და, სხვადასხვა ღონისძიების გატარებასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე:

„სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების გამომწვევი წამყვანი ფაქტორია, რომელსაც ასეულობით ადამიანი ეწირება წლის განმავლობაში საქართველოში. ქალაქის გზებზე, სადაც შერეული მოძრაობაა და ქვეითი, ველოსიპედისტი, ავტომობილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთდროულად გადაადგილდება, სადაც დასახლებული პუნქტია და სკოლა მდებარეობს, აუცილებელია სიჩქარის დაბალი ლიმიტების არსებობა და მათი თანმიმდევრულად ადმინისტრირება. გასათვალისწინებელია, რომ მძღოლობა დიდი პასუხისმგებლობაა და დაუდევარი ქცევით შესაძლოა, მან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სხვასაც და საკუთარ თავსაც“.

გლობალურ კვირეულში, რომელშიც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, „თეგეტა ჰოლდინგი“, თავის შვილობილ კომპანია „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ ერთად, სხვადასხვა აქტივობით უერთდება.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:

„უსაფრთხოების კვირეულის მხარდაჭერა „თეგეტასათვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანიის საქმიანობის პროცესში უსაფრთხოებას გამორჩეული როლი აქვს. ზრუნვა მომხმარებელზე და მაღალი ხარისხის ავტომომსახურება პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან. ეს პასუხისმგებლობა „თეგეტამ“ 26 წლის წინ აიღო და ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია დღემდე ამ პრინციპების ერთგულია. ვფიქრობთ, კვირეულში ჩართულობით შევძლებთ, სულ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას, რომ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვითა და ზრუნვით მეტი სიცოცხლის გადარჩენა შევძლოთ“.

საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხედვებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრებენ კონფერენციაზე, რომელიც კვირეულის მთავარი ღონისძიებაა და 18 მაისს, 12 საათზე „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გაგა კოხრეიძე.

შეხვედრის პარალელურად, „ვოლვო ქარ საქართველოს“ ინიციატივით ფოტოგამოფენა მოეწყობა. ექსპოზიცია კონკრეტული ავარიების შესახებ მოგვიყვება, რა დროსაც ვოლვოს ბრენდის ავტომობილებში მძღოლების სიცოცხლე უსაფრთხოების ღვედმა გადაარჩინა.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „როდესაც ვსაუბრობთ ვოლვოზე, ეს ნიშნავს, რომ მეტ უსაფრთხოებასა და დაცულობას ვგულისხმობთ. ჩვენი ბრენდის მიზანი დაარსების დღიდან არის ზრუნვა უსაფრთხოებასა და ხარისხზე. სიამოვნებით ვერთვებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვირეულში, რადგან ჩვენთვის, როგორც „ვოლვოს“ ექსკლუზიური  იმპორტიორებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოება და ამ მიმართულებით მომხმარებლის, თანამოქალაქეების ინფორმირება. ვოლვოს უკავშირდება სამწერტილოვანი ღვედისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულების საბავშვო სავარძლის შექმნა, რაც დღემდე მილიონობით სიცოცხლეს იცავს. ამასთანავე, შვედური ბრენდი აქტიურად ზრუნავს გარემოზე და თავისი ეკომეგობრული ავტომობილებით გამონაბოლქვის შემცირებას უწყობს ხელს.  „ვოლვო ქარ კავკასია“ ფეხდაფეხ მიჰყვება ბრენდის კონცეფციას. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ კონფერენციაზე, რომელიც კვირეულის ფარგლებში იგეგმება“.

კონფერენციაზე, ოფიციალური მიმართვების შემდეგ ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება, რომელშიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზარალებულები თავიანთი გამოცდილების შესახებ ჰყვებიან. ღონისძიებაზე შეკრებილები, ვიდეოს საშუალებით, შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშვებული 8 წლის მოზარდის თანაკლასელების მიმართვასაც მოისმენენ. კონფერენციის შემდეგ დათის მეგობრების ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

უშუალოდ შემთხვევის ადგილზე კი, შარტავას ქუჩაზე, 19 მაისს, სიმბოლურად აქცია გაიმართება. ორგანიზატორები, მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ. 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრით დაიწყო. 16 მაისს „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ბავშვებთან საგზაო მოძრაობის წესებსა და უსაფრთხო გადაადგილებაზე ისაუბრა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა სახალისო ვიქტორინა. 3 გამარჯვებულს „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ დაწესებული თემატური საჩუქრები გადაეცა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები