1 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეპორტაჟი ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმიდან

ჩამოტვირთვა

ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებლის, 3 გენიალური ოპერისა და არაერთი ნაწამოების ავტორის, ზაქარია ფალიაშვილის, სახლმუზეუმი თბილისში მდებარეობს. აქ დამთვალიერებელს კომპოზიტორის პირადი ნივთების, მუსიკალური საკრავების, ხელნაწერებისა და ფოტომასალის დათვალიერების საშუალება აქვთ. აქვე ინახება ლადო გუდიაშვილისა და სხვა ქართველი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც მათ ფალიაშვილსა და მის შემოქმედებას მიუძღვნეს. ზაქარია ფალიაშვილი 1871 წელს ქუთაისში კათოლიკური ეკლესიის მნათეს ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს ზაქარიას გარდა კიდევ 17 შვილი ჰყავდათ, ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, მაგრამ ზაქარიას დაძმებმა კარგი განათლების მიღება მაინც მოახერხეს, 6 მათგანი კი მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობდა. ზაქარია ფალიაშვილის პირველი მასწავლებელი ფელიქს მიზანდარი მას უსასყიდლოდ ამეცადინებდა. 1887 წელს ზაქარია თბილისში ჩამოვიდა და მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა, სადაც აქტიურობითა და ნიჭიერებით გამოიჩინა თავი. თბილისის მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებელი ფული ფალიაშვილმა კონცერტებით შეაგროვა. 1900 წელს ზაქარია ფალიაშვილი რუსეთში გაემგზავრა და მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. რუსეთშივე გაიცნო ზაქარიამ მომავალი მეუღლე, შეძლებული რუსი ოჯახის შვილი, იულია ოტკინა. იულიასა და ზაქარიას ერთი ვაჟი ჰყავდათ, ირაკლი, რომელიც 11 წლის ასაკში დაიღუპა. შვილის გარდაცვალების შემდეგ, ზაქარიამ მუსიკის წერა დროებით შეწყვიტა, გადმოცემის თანახმად, ის იმდენად თავზარდაცემული იყო, რომ უკვე შექმნილი ნაწარმოებების განადგურებაზეც კი ფიქრობდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ, ზაქარიამ უმცროსი ძმის, ნიკოლოზის, ქალიშვილი, იულია, იშვილა და მთელი ქონება მას დაუტოვა. ზაქარია ფალიაშვილი მხოლოდ კომპოზიტორი არ გახლდათ. საქართველოს ფილარმონიულ საზოგადოებასთან ერთად, ის აქტიურად ზრუნავდა ქართული მუსიკის პოპულარიზაციაზე. ფალიაშვილი დადიოდა სხვადასხვა რაიონებში და იწერდა კუთხურ სიმღერებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კათოლიკე იყო, აქტიურად მუშაობდა ქართული მართლმადიდებლური საგალობლების დახვეწაზე. გადმოცემის თანახმად, შემოქმედებით საქმიანობაში კომპოზიტორი ჯანსაღ კრიტიკას ხშირად ითვალისწინებდა და მუსიკალური განათლების მქონე მეგობრების რჩევებსაც ყოველთვის ისმენდა. ფალიაშვილს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ივანე ჯავახიშვილთან, ვანო სარაჯიშვილთან და სხვა არაერთ გამოჩენილ ქართველთან, რომლებიც მის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ. ფალიაშვილის პირველი ოპერა, აბესალომ და ეთერი, 1919 წელს დაიდგა, პრემიერას კი თავად კომპოზიტორი დირიჟორობდა. ამ ნაწარმოებს ის რამდენიმე წლის განმავლობაში წერდა. ისტორიული წყაროების თანახმად, აბესალომ და ეთერის პრემიერა თბილისელებისთვის დღესასწაულის ტოლფასი იყო. სპეკტაკლის დასრულების შემდეგ, ხალხმა ზაქარია ხელში აიყვანა, აღფთოვანებული მაყურებელი ოპერის თეატრთან იდგა და რამდენიმე საათის განმავლობაში არ იშლებოდა. ემოციებს ვერ მალავდა თავად ფალიაშვილიც, რომელიც სპეკტაკლის დასრულების შემდეგ, საკუთარი ემოციების გასაზიარებლად უახლოესი მეგობრის, ივანე ჯავახიშვილის, სახლში წავიდა. აბესალომსა და ეთერს მოყვა ოპერა დაისი, რომლის დირიჟორიც ზაქარიას უფროსი ძმა, პირველი ქართველი პროფესიონალი დირიჟორი, ივანე ფალიაშვილი გახლდათ. ზაქარია ფალიაშვილი 1933 წელს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. 1971 წლიდან კი მისის სახელობის მუსიკალური პრემია დაწესდა, რომელიც არამარტო ქართველ, არამედ უკრაინელ მუსიკოსებზეც არის გაცემული. ამ პრემიის ლაურეატთა შეხვედრები ხშირად ეწყობოდა ფალიაშვილის სახლმუზეუმში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები