0 9 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ძლიერი სავალუტო შემოდინებები, თუმცა ლარის გამყარების სცენარის გარეშე

იანვარში, სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის წმინდა შესყიდვამ, 155 მილიონი შეადგინა, რაც ერთი თვისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და წინა თვეებში, ასევე მაღალ, დაახლოებით 100 მილიონიან ინტერვენციებს აღემატება კიდეც. გარდა იმისა, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერია, როგორც ჩანს, იანვარში ლართან შედარებით უცხოურ ვალუტაში უფრო მეტმა საკრედიტო აქტივობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 

მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოს ორი სხვა საფუძველი მისი გამყარების საბაზო სცენარზე არ მიუთითებს. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი იანვრის 9.4%-დან 8.1%-მდე შემცირდა. საყურადღებოა, რომ მაშინ როდესაც წინა თვეების მსგავსად, ინფლაციის მოდერაცია ძირითადად კვლავ იმპორტულ პროდუქციაზე მოდიოდა და თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო, ამჯერად სამომხმარებლო ფასების დინამიკის სხვა მნიშვნელოვანი საზომებიც ინფლაციის შემცირების არგუმენტია. ეს, თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზთან შედარებით, ლარის საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირებაზე მიანიშნებს. ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის აზრით, თიბისი კაპიტალის ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული, 6.4%-იანი პროგნოზი, სურათს არსებითად ვერ შეცვლის და ამდენად, დაახლოებით მომდევნო ერთ წელიწადში, ინფლაციის მოლოდინი ლარის კურსის მხრივ, უფრო ნეიტრალურია, ვიდრე მისი მხარდამჭერი. 

 

საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსის მხრივ კი, მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, ლარის გარკვეულწილად ზედმეტი გამყარება იკვეთება. მაშინ, როდესაც ეს ინდიკატორი, განსაკუთრებით მოკლევადიან, თუნდაც ერთწლიან პერსპექტივაში, ლარის კურსის აკურატულ საზომად არ უნდა იყოს მიჩნეული, ის მაინც მნიშვნელოვანი ორიენტირის როლს ასრულებს. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მიმდინარე წლის 2 მარტის მდგომარეობით ლარის საშუალო კურსი მისი გრძელვადიანი ტენდენციის შესაბამისი რომ ყოფილიყო, ლარი ევროს მიმართ - 2.93, დოლარის მიმართ  კი 2.75-იან ნიშნულზე იქნებოდა.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები