0 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„იდეის წარმატებას სიჯიუტე გასაზღვრავს“ – პირველი არტიზანული ინდუსტრიული ხაჭაპური, ChiZZZy საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება

 

ქართული სამზარეულო ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კერძებში ხაჭაპური, ხინკალთან ერთად, ყველაზე ინტერნაციონალური მოვლენაა, მოდერნიზაციას (მრავალგზის მცდელობების მიუხედავად) ძნელად ექვემდებარება. სტარტაპში, რომელიც წარმოების მთავარ პროდუქტად ხაჭაპურს ირჩევს, ერთი შეხედვით ახალი ვერაფერი იქნება, მაგრამ გიორგი ბოჭორიშვილის, კომპანია ChiZZZy-ს თანადამფუძნებლის, იდეა იმდენად ორიგინალური და, ამავე დროს, მარტივია, ძნელი დასაჯერებელია, აქამდე რომ არავის განუხორციელებია.

„ჩვენი მიზანი ხაჭაპურის კიდევ უფრო პოპულარიზაციაა. ამოცანაა, ხაჭაპურის გამოცხობა შეძლოს ნებისმიერმა – არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილია თუ არა ადამიანი, რომელსაც არასდროს არაფერი გამოუცხვია. რაც მთავარია, ეს უნდა შეძლოს მარტივად, სწრაფად და იაფად. ჩვენ პირველად ვთავაზობთ მომხმარებელს ნახევარფაბრიკატ აჭარულ ხაჭაპურს. ნაკრებში შედის აჭარულის ნახევრად გამომცხვარი უსაფუარო ქრასთი (ბაზა), დურუმის ხაშზე დამზადებული და ყველი (იმერული/სულგუნი) ვაკუუმში. ხაჭაპური უბრალოდ ღუმელში უნდა შედოთ და ათიოდე წუთში მზადაა.

პროდუქტის 7-8 თვიანი ტესტირების შემდეგ პირველი ნაბიჯები კომპანიამ თბილისის სთრით-ფუდ-ფესტივალზე (Taste Tbilisi) გადადგა, სადაც მომხმარებელს აჭარული ხაჭაპური სტრიტ-ფუდ ვერსია შესთავაზა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. იდეა 4 წლის წინ გაჩნდა, 2022 წლიდან კი პროდუქცია უკვე სხვადასხვა ქსელში იყიდება. ქართული ბაზარი ChiZZZy-ს გეგმის მხოლოდ ნაწილია – კომპანია სერიოზულად მუშაობს საერთაშორისო ბაზრის ასათვისებლად.

„საქართველოში ბევრგან ცხვება ხაჭაპური, მაგრამ ეს პროდუქტი ჯერ არავის გაუტანია ექსპორტზე. მაგალითად, პიცის მსოფლიო ბაზარი წელს 24 მილიარდ დოლარს შეადგენს. ხაჭაპური დიდი პოტენციალის მქონე, სრულიად ორიგინალური მოვლენაა. ახლა ვმუშაობთ, რომ შემდეგ ეტაპზე, ნახევრად ინდუსტრიულ წარმოებაზე გადავიდეთ. ეს მოგვცემს საშუალებას, მოვიპოვოთ სერტიფიკატები და გვქონდეს კონკურენტუნარიანი ფასი მსოფლიო ბაზარზე. გვაქვს მოლაპარაკებები უცხოურ ქსელებთან და გვინდა რითეილერების თაროებზე მყარი ადგილი დავიკავოთ. საქართველოში ცომის ინდუსტრიული წარმოება პრაქტიკულად არ არის განვითარებული. ამ ნაწილში დავიხმარეთ ჰოლანდიელი და გერმანელი წამყვანი სპეციალისტები და შესაბამისი დანადგარების მწარმოებელ ქარხნებთან გვაქვს მოლაპარაკებები. რამდენიმე ბაზრიდან – ამერიკიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, იაპონიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან – გვაქვს კონკრეტული დაინტერესება. ყველაზე პრობლემური ევროპის ქვეყნებია, რადგან იქ ყველის შეტანა ჯერ კიდევ არ შეიძლება. ახლა ვაზუსტებთ ამ კომპანიებთან, რა კონკრეტული მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, რომ მიიღონ ჩვენი პროდუქტი“.

Chizzzy გეგმაშია HORECA მიმართულებით განვითარება და CHIZZZY Street Café კონცეფტის ფრენჩაიზინგი, სადაც ხაჭაპურის ცხობა ახალი მოდელით მინიმალური ინვესტიციით არის შესაძლებელი.

ნახევრად ინდუსტრიული წარმოების გამართვის შემთხვევაში, კომპანია ერთ ცვლაში შეძლებს 30 000 აჭარული და იმერული ხაჭაპურის დამზადებას. ამ რაოდენობის წარმოება დღეს საქართველოში არავის აქვს. ეს მასშტაბი აუცილებელი იქნება საერთაშორისო ბაზრის შეკვეთების შეუფერხებლად დასაკმაყოფილებლად.

ChiZZZy, როგორც სტარტაპი, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერით დაიწყო – ადამიანების, რომლებმაც ირწმუნეს დამფუძნებლების იდეის და ქართული სამზარეულოს კიდევ უფრო პოპულარიზაცია ღირებულ მიზნად მიიჩნიეს.

„ყოველთვის რთულია, როცა რაღაც ტრადიციულთან გიწევს შეხება. შეიძლება იდეას ხედავდე, მაგრამ ყველა იდეა და ჩანაფიქრი ყოველთვის არ ხორციელდება. იდეის წარმატებას სიჯიუტე განსაზღვრავს – მთავარია, არ დანებდე. 16 წლიდან უწყვეტად ვმუშაობ და ამაში დიდი ხანია, დავრწმუნდი“.  სწორედ ამ მიდგომით დაიწყო და აგრძელებს მუშაობას ChiZZZy, რომლის უახლოესი მიზანია, ოჯახური ბიზნესიდან საერთაშორისო კომპანიად იქცეს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები