1 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საკეისრო კვეთა სარისკოა კოვიდიან ორსულებში, დედის სიკვდილიანობა 22-ჯერ იზრდება – ბოჭორიშვილი

საკეისრო კვეთა სარისკოა კოვიდიან ორსულებში, დედის სიკვდილიანობა 22-ჯერ იზრდება – ამის შესახებ, საფრანგეთსი მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცრის შედეგებზე საუბრობს.

„დღეს მეგობრის გვერდზე ამოვიკითხე, კიდევ ერთი კოვიდით დაავადებული ორსული გარდაცვლილა, საკეისრო კვეთის შემდგომ. არანაირად არ ვაპირებ კონკრეტული ტრაგედიის განხილვას. მხოლოდ რამდენიმე, დღეისათვის უკვე კარგად ცნობილ ფაქტს მოვიყვან.

დღეს უკვე ბევრი კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ კოვიდით დაავადებულ ორსულებში უფრო მეტი გართულება (დეტალურად არ ჩამოვთვლი) ვითარდება და სიკვდილიანობაც ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ორსულებში რომელთაც კოვიდი არ ჰქონიათ. საერთაშორისო კვლევა, 18 ქვეყანაში ჩატარებული, აჩვენებს რომ დედის სიკვდილიანობა იზრდება 22-ჯერ! ეს

კვლევა იმითაც არის საინტერესო, რომ ნანახია კორელაცია ქვეყნის განვითარების დონესა და გართულებებს შორის. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში უფრო ხშირია გართულებები კოვიდიან ორსულებში.
თავად საკეისრო კვეთა უფრო სარისკოა კოვიდიან ორსულებში. ესპანური კვლევის მიხედვით, საკეისრო კვეთის შემდგომ კოვიდიანი დედის კლინიკური პარამეტრების გაუარესების რისკი იზრდება 13-ჯერ კოვიდის გარეშე საკეისროსთან შედარებით. სტატია 2020 წლის ივნისით თარიღდება, ანუ 1 წელიწადზე მეტია ეს ცნობილია და სხვა კვლევებიც, უფრო ახალი, ამას ადასტურებს.

დიდი ამერიკული კვლევა, რომელიც არა საკეისროს, არამედ ზოგად ქირურგიულ ოპერაციებს ეხება, ასკვნის, რომ კოვიდით დაავადების ფონზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში სიკვდილიანობა იზრდება 2-ჯერ.

სხვა კვლევებიც მსგავს შედეგებს აჩვენებს და დღეს აღიარებულია, რომ რეალურად გადაუდებელი სიტუაციების გარდა, კოვიდის ფონზე ქირურგიული ოპერაცია არ უნდა ჩატარდეს. და რისკები იმდენად საოპერაციოს გუნდისთვის კი არ არსებობს, არამედ თავად პაციენტისათვის.

და ესაა დიდი პრობლემა საკეისროს შემთხვევაში, რომელიც ქირურგიული ჩარევაა. ხანმოკლე და ნაკლებად ტრავმული, მაგრამ მაინც ქირურგიაა. ხოლო კოვიდით თუ კოვიდის გარეშე, არსებობს საკეისრო კვეთის აბსოლუტური ჩვენებები, სამეანო, რომლებიც კოვიდთან ერთად არ გამქრალა, პირიქით, გაიზარდა კოვიდის გამო. დედის კოვიდის დამძიმების შემთხვევაში, ნაყოფის გადასარჩენად საკეისრო შეიძლება ერთად ერთი გამოსავალი გახდეს. ეს სრულიად ახალი რეალობაა.

ამიტომ, არანაირად არ ვაპირებ გარჩევას, გამართლებული იყო თუ არა საკეისრო. არც კონკრეტული დეტალები ვიცი და არც ამ სივრცეშია ეს გასარჩევი. ის კი ვიცი, რომ უმიზეზოდ საკეისროს არ გააკეთებდნენ.

უკვე გროვდება მონაცემები აცრილი ორსულების კოვიდით დაავადების სტატისტიკაზე. სულ ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნებული კვლევა მეიოს კლინიკიდან (აშშ-ს ერთ ერთი ყველაზე ცნობილი კლინიკა) ნათლად აჩვენებს აცრის დამცველ როლს. აცრილ ორსულებში კოვიდით დაავადდა 1,4%, აუცრელებში კი 11,3% .

რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ფაქტების და არა ვარაუდებისა თუ ჰიპოთეზების საფუძველზე?

კოვიდი არ უნდა შეხვდეს ორსულს და კოვიდის დამძიმების გამო საკეისრომდე არ უნდა მივიდეს საქმე.

გადამწყვეტია ორსულების დაცვა კოვიდისგან და ეს დღეს ჰიგიენის წესების პირუთვნელ შესრულებასთან ერთად ვაქცინაციით შეიძლება. ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე განსაკუთრებით.

ორსულების არაცრისკენ მოწოდებები არანაირად არ არის გამართლებული, არც მეცნიერულად და არც ეთიკურად,“ – წერს ბოჭორიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები