0 8 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაბი კირკიტაძე "ღამის შოუს ბენდის" კონცერტისთვის 15 000 ლარს ამჯერად ქედის მერიისგან მიიღებს

ქედის მერია „ქედელობაზე“ წელს „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბენდს 15 ათას ლარს გადაუხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით,
ტენდერის გარეშე თანხის გადახდაზე მერიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს.

"ბათუმელების" ინფორმაციით, როგორც მერიაში ამბობენ, ქედაში ჩასვლაზე თანახმაა ბენდიც. მერიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ბენდის მოწვევა მოსახლეობამ მოითხოვა.

სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ 2022 წლის ოქტომბრის თვეში იყო დაგეგმილი. თუმცა ღონისძიება გადაიდო და ის სხვა ღონისძიებასთან – „ღვინის ფესტივალთან“ ერთად ჩატარდება. გაერთიანებული ღონისძიების ჩატარების, შესაბამისად, ბენდის ქედაში ჩასვლის კონკრეტული დღე, ამ დროისთვის უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ღონისძიება ნოემბრის პირველ, მაქსიმუმ მეორე კვირაში ჩატარდება: „ამინდზეც ვართ დამოკიდებული“.

„მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შემოვიდა ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოითხოვენ ღონისძიების „შემოდგომა ქედაში“ ფარგლებში „ღამის შოუს ბენდის“ მოწვევას. „ღამის შოუს ბენდი“ საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით, მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, თავისი რეპერტუარითა და შოუ-პროგრამით ფართო საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ბენდის მოწვევა განხორციელდეს „შემოდგომა ქედაში“ ღონისძიების ფარგლებში, ხოლო დაგეგმილი აქტივობები გადავიდეს „ღვინის ფესტივალში“, - აღნიშნულია ქედის მერისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში.

ქედის მერიის განმარტებით, „15 000 ლარი განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად“.  

ქედის მერია, დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულებას ქედაში გასამართ ღონისძიებაში ბენდის მონაწილეობაზე, ბაბი კირკიტაძესთან გააფორმებს. შესაბამისი შეთანხმება ბაბი კირკიტაძესა და ბენდის ხელმძღვანელ გელა გნოლიძეს შორის არის გაფორმებული:

"ბათუმელები" წერს, რომ 2022 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ბაბი კირკიტაძესთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ:

  • მარტვილის მუნიციპალიტეტს – 19 500 ლარზე, ბენდის მონაწილეობაზე „ჭყონდიდლობის“ დღესასწაულზე;
  • თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრს – 15 000 ლარზე – ბენდის „გარისობა 2022“-ში მონაწილეობაზე; (დოკუმენტების მიხედვით, თეთრიწყაროს მერს მომსახურება თავად ბაბი კირკიტაძემ შესთავაზა) 
  • კასპის მუნიციპალიტეტის მერიას – 12 000 ლარზე – ბენდის „კასპობა 2022“-ში მონაწილეობაზე.

ცნობისთვის, „ღამის შოუს ბენდი“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუს“ აფორმებს მუსიკალურად. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები