0 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია“

ჩამოტვირთვა

რუსი კლასიკოსი, რომლის ბიოგრაფია ემოციებისა და განცდების დაუსრულებელი ისტორიაა. ის მართლაც ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგი იყო - თავისი პერსონაჟების სულსა და გონებას აშიშვლებდა, თუმცა თვითონ არანაკლებ "შიშველი ნერვებით" ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცხოვრების დასასრულს დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, მსოფლიო აღიარება მაინც სიკვდილის შემდეგ ეწვია. თვით ფრიდრიხ ნიცშეც კი აღიარებდა, რომ ეს ადამიანი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მას რაღაცის სწავლა შეეძლო. ეს დიდი გენიოსი თეოდორ დოსტოევსკია.. თეოდორ დოსტოევსკი 1821 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა მოსკოვში. მამა თავადი იყო, მოსკოვში ექიმად მუშაობდა. დედა კი ვაჭართა წრიდან გახლდათ. დოსტოევსკი ბავშვობიდან მეტისმეტად მგრძნობიარე იყო. ნერვიული შეტევები, რომლებიც ბავშვობაში ემართებოდა, ახალგაზრდობის წლებში ეპილეფსიაში გადაიზარდა. 13 წლისას დედამისი ტუბერკულოზით გარდაეცვალა, ხუთ წელიწადში კი გლეხებმა მისი უკვე კარგა ხნის წინ გალოთებული და გარყვნილი მამა მოკლეს. ამის შემდეგ თეოდორმა გადაწყვიტა, სამხედრო ინჟინრის კარიერა მიეტოვებინა და თავი მწერლობისთვის მიეძღვნა. 25 წლისამ გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი, რომელიც მკითხველმა საზოგადოებამ კარგად მიიღო. რამდენიმე წელიწადში რევოლუციურ შეთქმულებაში მონაწილეობა დააბრალეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. უკანასკნელ მომენტში განაჩენი შეარბილეს და დოსტოევსკი ციმბირში გაგზავნეს. თითქმის ათი წელი გავიდა, სანამ სანქტ-პეტერბურგში დაბრუნებას შეძლებდა. მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, სიღატაკისა და სრულიად წარუმატებელი ინტიმური ცხოვრებისა, 59 წლამდე იცოცხლა და სიკვდილის წინ შემოქმედებით და ფინანსურ სტაბილურობას მიაღწია. რაც შეეხება მის გარდაცვალებას, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. თუმცა ფაქტი ის გახლავთ, რომ 1881 წლის 26 იანვარს მას თავისი და - ვერა ეწვია და სთხოვა, რიაზანის მიწების საკუთარ წილზე დების სასარგებლოდ ეთქვა უარი. როგორც მოგვიანებით ჰყვებოდნენ, საკმაოდ მგზნებარე სცენა გამართულა, ცრემლების თანხლებით. ამ შეხვედრის შემდეგ დოსტოევსკის ყელიდან სისხლი წამოუვიდა. შესაძლოა, სწორედ ამ უსიამოვნო საუბარმა მისცა პირველი ბიძგი მის დაავადებას - ემფიზემას. დიდი მწერალი ორ დღეში გარდაიცვალა. დოსტოევსკის 34 წლამდე პირადი ცხოვრება არ ჰქონია, ხოლო ნამდვილი გრძნობა პირველად 40 წლისას ეწვია. მანამდე ძირითადად მეძავებთან ურთიერთობდა და ამით იკმაყოფილებდა ქალებისადმი ფიზიკურ ლტოლვასა და ჭეშმარიტი განცდების დეფიციტს. პირველი რომანტიკული ურთიერთობა ციმბირში ჰქონდა, ვინმე მარია ისაევასთან. მარია გათხოვილი იყო, მას ჭლექი ჰქონდა, ქმარი კი ლოთი იყო. დოსტოევსკიმ მარია ცოლადაც მოიყვანა, თუმცა მათი ქორწინება უიღბლო გამოდგა, ინტიმური ცხოვრებაც არ შედგა. შვიდ წელიწადში მარია გარდაიცვალა. ამის შემდეგ დოსტოევსკი აპოლინარია სუსლოვას შეხვდა, პატივმოყვარე ქალს, რომელიც მასზე ოცი წლით იყო უმცროსი. სულ რაღაც ერთი წელი იცხოვრეს ერთად, მერე კი წლების განმავლობაში ტანჯავდა ქალი მწერალს, დოსტოევსკი იქამდეც კი მივიდა, რომ ინტიმურ ცხოვრებაში დანაკლისს აზარტული თამაშებით ინაზღაურებდა. 45 წლის იყო მწერალი, როცა თავის 20 წლის სტენოგრაფისტ ანა სნიტკინაზე იქორწინა, რომელიც დოსტოევსკის აღმერთებდა. ერთხელ დაწერა კიდეც: "მზად ვარ, დარჩენილი ცხოვრება მის წინაშე მუხლებზე მდგარმა გავატაროო". ანა ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, ამიტომ ვერაფერ უცნაურს ვერ ხედავდა იმ ვნებასა და ხანდახან ძალადობაშიც კი, რომლითაც სავსე იყო მისი და დოსტოევსკის ინტიმური ურთიერთობები.მიუხედავად ასაკის ასე შეუსაბამობისა ანას იმდენად უყვარდა მწერალი, რომ მისთვის არასდროს უღალატია. თანაცხოვრების 14 წლის განმავლობაში დოსტოევსკის ახალგაზრდა ცოლისადმი ვნება არ განელებია, ანა კი ბოლომდე ეთაყვანებოდა მას. სიტყვა, რომელიც მწერალმა პუშკინის იუბილეზე წარმოსთქვა საუკუნოდ დარჩა რუსეთიდ მწერლობაში. სიტყვა რომელმაც სულ რამდენიმე წუთით სამთა ქორწინება გახადა შესაძლებელი, სიტყვა რომელმაც მოაჯადოვა და მონუსხა იქ მყოფი აუდიტორია... საქმე ის გახლავთ, რომ იუბილის მომწყობ ცოლ-ქმარ პოლივანოვებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მანამ, სანამ მათ შორის გუვერანტი ქალი ჩადგებოდა. გუვერანტ ქალსა და ლევ პოლივანოვს ერთმანეთი შეუყვარდათ, ამიტომ მარია პოლივანოვს თავდავიწყებით სძულდა ქმრის საყვარელი, მაგრამ 1880 წლის 8 ივნისს პუშკინის საღამოზე გასაოცარი რამ მოხდა. დოსტოევსკის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ ლევ პოლივანოვის ცოლი და საყვარელი შეარიგა, ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ და ორივემ დაიჯერა რომ სამს ერთად ბედნიერად ცხოვრება შეეძლოთ. მაგრამ შერიგების პირველმა ტალღამ გაიარა და მარია პოლივანოვა მიხვდა რომ მათი ერთად ცხოვრება , სამთა ერთნაირი ბედნიერება შეუძლებელი იყო. მარია, დოსტოევსკის წერილებს სწერდა ,დახმარებას სთხოვდა. მწერალმა არ იცოდა რა ექნა, მან ხომ მხოლოდ სიყვარულის, ჰარმონიის სათნოების ლეგენდა შეთხზა და არც უფიქრია რომ ცხოვრებაში ვინმე ამის განხორცილებას მოინდომებდა. დოსტოევსკის მისწრაფება საყოველთაო ძმობისადმი, საერთო - საკაცობრიო ჰარმონიის იდეალისადმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის ჰუმანიზმთან, მის სურვილთან - ეპოვა არა მხოლოდ "ადამიანი ადამიანში", არამედ უფრო მეტიც - "აღედგინა ადამიანში ადამიანური სახე." „.ადამიანი არის საიდუმლოება, ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას, და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები