1 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყალბი მინდობილობა და 13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლება - დაკავებულია სამი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, დაკავებულ იქნა სამი პირი, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს საზღვარგარეთ მოქმედი ნოტარიუსის სახელით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც კომპანიის დამფუძნებელი თითქოსდა აძლევდა ერთ-ერთ ბრალდებულს უფლებამოსილებას მისი წარმომადგენლობის თაობაზე.

„აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ბრალდებულებმა იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს კომპანიის სადამფუძნებლო კაპიტალის, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრზე გადაფორმება და დირექტორის ცვლილება, რაც ვერ განახორციელეს საგამოძიებო სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული მოქმედებების შედეგად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები