1 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ქართული კინოს ოლღა ბებია

ჩამოტვირთვა

ორი ადამიანის ურთიერთობაში ვინ გაიგებს მტყუან-მართალს, პირადი ცხოვრების გამომზეურებას ხომ ყველა ერიდება, ამიტომაც საიდუმლოდ დარჩენილი დეტალები კიდევ უფრო იდუმალსა და საინტერესოს ხდის იმ წყვილს, რომელსაც უკვე "ყოფილი" ჰქვია.... ყველაფერი კი ასე დაიწყო...მეოცე საუკუნის დასაწყისის ბათუმი. თაყაიშვილების ოჯახი. ბევრი სტუმარი. თაყაიშვილების ანცი გოგონა – ისუსება. აკვირდება სტუმრებოჯახში მოსულთ - მათ მზერას, სახეებს, მიმიკას, ჟესტებს, დაკოჟრილ ხელებს, ღიმილს… სტუმრები მიდიან და იწყება თეატრი სარკესთან. ხან ერთ სტუმარს განასახიერებს, ხან – მეორეს. მაყურებლის წინაშე 7 წლის ასაკში წარდგება – სკოლაში დადგმულ სპექტაკლში ყვავილის როლი არგუნეს. სარკის წინ დაოსტატებული საშინლად ღელავს. კარგავს მადას. თავს ანებებს თამაშსა და გართობას. თვალსაც არ მოხუჭავს სპექტაკლის წინაღამეს. იმდენად აღგზნებულია, რომ დასახმარებლად ექიმს უხმობენ… მალე ეს ადამიანი უკვე ნამდვილ სცენაზე დგება. თავის დროზე ილია ჭავჭავაძე ნატო გაბუნიაზე წერდა: ამის ზევით ხელოვნება ვერ წავაო. იგივეს ალბათ თამამად იტყოდა ილია სესილია თაყაიშვილისმ მიერ განსახიერებული ოლღა ბებია რომ ენახა. სესილია თაყაიშვილი 1906 წელს ბათუმში დაიბადა. 16 წლისამ ფაღავას სამსახიობო სტუდიაში ჩააბარა და სასწავლებლის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში სტუდენტებს სახელგანთქმული სტანისლავსკი ესტუმრა. ყველა შეეცადა, თავი მოეწონებინა მისთვის, მაგრამ მან ამდენ ახალგაზრდაში რატომღაც სესილია ამოარჩია, რომელმაც ხნიერი ქალის როლი შეასრულა. სტანისლავსკი ადგა, გოგონას მიუახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა. ეს ათას ეპითეტსა და კომპლიმენტზე მეტს ნიშნავდა. იმ დღეებში სესილია მართლაც უბედნიერესი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავი სტანისლავსკის მიმდევრად არასოდეს ჩაუთვლია.. იგი მასწავლებლებად ახმეტელსა და მარჯანიშვილს მიიჩნევდა. რუსთაველის თეატრში ცოტა ხანს იყო, მალე კოტე მარჯანიშვილის თეატრში გადაინაცვლა. ამის მიზეზი მარტო დიდი რეჟისორი და მისი ახლებური ხედვა როდი იყო. მართალია, სესილიასთვის კოტე მარჯანიშვილის დახვეწილი და ესთეტიკური რეჟისურა უფრო მისაღები გახლდათ, ვიდრე ახმეტელის გმირულ-რომანტიკული სულისკვეთება, მაგრამ თეატრის შეცვლის მიზეზი მისი მეუღლე ვასო გოძიაშვილი იყო. სესილიამ და ვასომ ერთმანეთი ფაღავას სტუდიში გაიცნეს, მალე ერთმანეთი შეუყვარდათ და დაოჯახდნენ კიდეც, თუმცა მექალთანეობით ცნობილ გოძიაშვილს ცოლის ერთგულება გაუჭირდა, სესილიამ კი ღალატი არ აპატია. ისინი რამდენიმე წელიწადში დაშორდნენ, მაგრამ საზოგადოების ყურადღება მაინც მათკენ იყო მიმართული. ვასომ სესილიას შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა, ცოლყოფილი კი აღარ გათხოვილა და ამიტომაც ხალხმა უცებ შექმნა ლეგენდა სესილიას ერთგულებასა და გაუცვეთელ სიყვარულზე. თაყაიშვილს არ უყვარდა პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, სამსახიობო კარიერაზეც თავს არიდებდა ინტერვიუებს. ასე იყო ვასო გოძიაშვილიც, რომელიც ჟურნალისტებსა და თეატრმცოდნეებს სახალისო ამბებსა და ანეკდოტებს უყვებოდა. როცა ვასოს მორიგი რომანი გახმაურდებოდა, სესილია წარბებს ასწევდა და იტყოდა, აბა, ამას მე როგორ ავიტანდიო... თუმცა შვილს, დათოს, არასოდეს ახსოვს, რომ დედას მამაზე ცუდი რამ ეთქვას.მოგვიანებით ვასო შვილიშვილებს თავისებური თბილისურ-კინტოური კილოთი უამბობდა: "ვააა,…ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა ცოლსა! კინაღამ არ მამკლა, კაცო! ძლივს გამოვასწარიო!" ორივემ ცალ-ცალკე განაგრძო ცხოვრება. ორივე ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. ალბათ, ბევრჯერ გაგხსენებიათ საკუთარი ბებია მისი ეკრანზე დანახვისას, ისეთივე თბილი გრძნობა და ღიმილი გამოუწვევია თქვენში, როგორც ბავშვობაში ბებიის ალერსის დროს გრძნობდით. ერთ-ერთ ინტერვიუში მას უთქვამს: – საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი, მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოაო. სრულიად ახალგაზრდა თამაშობდა ხნიერ ქალებს. 26 წლის იყო, როცა ცხოვრებისგან გაუბედურებული ამალია კარლოვნას როლი შეასრულა, 29 წლისამ – შამილის მოხუცი დედა, 31 წლისამ – პარასკევასა და 42 წლის ასაკში კი ჯულიეტას მოხუცი ძიძის როლი განასახიერა. ქართულ სცენაზე მან 120-მდე როლი ითამაშა. ბოლო ფილმი, რომელშიც სესილიამ ითამაშა, იყო “ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი” 1984 წ. და იმავე წელს გარდაიცვალა კიდეც. სიკვდილის წინ ასეთი ანდერძი დატოვა: “ვთხოვ ყველა ჩემიანს, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით. დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოზე დამკრზალეთ თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას”. სესილია თაყაიშვილს ანდერძი შეუსრულეს, იგი დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები