1 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სტატისტიკური მონაცემები 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის ხმის დათვლის პროცედურები, რომელსაც, უნდა აღინიშნოს, რომ აღბეჭდავდა სპეციალური ვიდეოკამერები; ამ პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და მედია. ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების მეშვეობით ყველა დაინტერესებული პირისათვის იყო ხელმისაწვდომი.

 

თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს, არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად, და აღნიშნული საკითხით მანიპულირება მიუღებელია.

 

პირველ რიგში, გვინდა შეგახსენოთ, რომ თითოეულ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა:

აღნიშნული ადასტურებს, რომ კომისიის თითოეული წევრი, როგორც პარტიული ნიშნით დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული, დეტალურად იყო ინფორმირებული, როგორც უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის თაობაზე, ისე იმის შესახებ, თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა თითოეულ ამომრჩეველზე და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც, შესაბამისად, სწორედ მათი ხელმოწერებით დადასტურდა კიდეც შემაჯამებელ ოქმებში.

 

დეტალურად იხილეთ სტატისტიკა, თუ რამდენი განსხვავებული აზრი, რამდენი შესწორების ოქმი და ახსნა-განმარტება დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმებში:

აღსანიშნავია ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს აქვს უფლება დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან იკვეთება, განსხვავებული აზრი დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიების 65 000-ზე მეტი წევრიდან მხოლოდ 8-მ. შეგახსენებთ, რომ შედგა 11 159 შემაჯამებელი ოქმი.

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შედგა შესწორების ოქმები:   სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან დაკავშირებით - 275, ბათილ ბიულეტენებთან მიმართებაში - 66, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით  - 42, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე - 138 და ამომრჩეველთა აქტივობაზე - 41. ასევე,  ახსნა-განმარტებები შეეხებოდა: რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისათვის ზედმეტი ბიულეტენის გადაყოლებას  – 176, შემაჯამებელ ოქმზე არასწორად მითითებულ ან გამორჩენილ თარიღსა და დროს - 292, შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის გამორჩენას ან არასწორად მითითებას - 123,  ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გამორჩენას – 68, შემაჯამებელ ოქმში ბეჭდის ნომრის არქონას ან არასწორად მითითებას - 61, შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ბეჭდის ნომრის ჩაწერის გამორჩენას - 55 და სხვადასხვა მიზეზით 235.

 

ამასთან განვმარტავთ, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი შესაძლოა ხმას აძლევდეს არჩევნების მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, ან მერისა და პროპორციულ ნაწილში. აქედან გამომდინარე, ასეთი ამომრჩეველი ვერ მიიღებდა სამივე სახის ბიულეტენს, ვინაიდან არ მონაწილეობდა მაჟორიტარულ, ან მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში.

ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალურ სიაში შეადგენდა (პენიტენციური დაწესებულებები და მიმაგრებული უბნები) 6 247-ს, თუმცა მათგან მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა  5 350-ს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 356-ს. შედარებისთვის,  2020 წელს სპეციალურ სიაში იყო 9 797 ამომრჩეველი. პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 3 712-ს, მერის არჩევნებში - 148-ს,  ხოლო ადგილობრივი მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება - 28-ს.

2021 წლის არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად შეადგენდა 63 112-ს (2020 წლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 45 905 წევრს).  სპეციალურ სიებში შეყვანილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებიდან (საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) რეგისტრირებული იყო 25 495 ამომრჩეველი, მათგან მაჟორიტარული სისტემით მონაწილეობა მიიღო 10 526-მა ამომრჩეველმა.

შედარებისთვის, 2020 წლის არჩევნებზე სპეციალურ სიებში იყო 23 114. პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარული წესით ბიულეტენი ეკუთვნოდა 17 497-ს, მერის არჩევნებში - 225-ს,  ხოლო ადგილობრივი მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება - 1 176-ს.

იმ დეტალურ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც წარმოგიდგინეთ, გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ე.წ. დისბალანსი  (საარჩევნო ბიულეტენების მეტობა ან ნაკლებობა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამთან მიმართებით), ბუნებრივი მიზეზების გამო, როგორც სამართლებრივ ჭრილში, ისე თითოეული პროცედურის გათვალისწინებით: 

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიაში აკეთებს მხოლოდ ერთ ხელმოწერას. მიუხედავად იმისა, რომელი სახის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს მას და რამდენი საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა მასზე. შესაბამისად, მისი ხელმოწერა სამივე სახის არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში აისახება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაში.

 

კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამივე სახის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა ამომრჩეველს არ ჰქონია. მაგალითად, როგორც ცნობილია, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილ ამომრჩევლებს (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები; სამხედრო მოსამსახურეები, სპეციალური წოდების მქონე პირები, პატიმრობაში მყოფი პირები, ამომრჩევლები, რომლებიც წვანან სამკურნალო დაწესებულებებში) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ აქვთ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ ან/და მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, ამომრჩეველზე არ გაიცემა შესაბამისი არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი, რაც კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას თავისთავად გამოიწვევს საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობრივ ნაკლებობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების ჯამთან მიმართებით.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების დისბალანსი (საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის მეტობა ან ნაკლებობა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობასთან მიმართებით) შეიძლება გამოწვეული იყოს ბუნებრივად შემდეგ შემთხვევებში:

Ø      სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, რაც გამოიწვევს საარჩევნო ბიულეტენების ბათილად ცნობას (აღნიშნული კი, ხმების დაჯამებისას გამოიწვევს როგორც საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობას, ასევე მეტობას ხელმოწერების ჯამთან მიმართებით, იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველზე არ გაცემულა შესაბამისი სახის საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც უნდა გაცემულიყო და ზედმეტად გაიცა შესაბამისი სახის საარჩევნო ბიულეტენი);

 

Ø      რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველზე არ იქნა გაცემული შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი; რაც ბუნებრივად იწვევს საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობასთან მიმართებით;

 

Ø      რეგისტრატორ კომისიის წევრს ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში გამორჩა ხელმოწერების გაკეთება, ისე გასცა ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი/საარჩევნო ბიულეტენები; რაც ბუნებრივად იწვევს საარჩევნო ბიულეტენების მეტობას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამთან;

 

Ø      ამომრჩეველზე გაიცა საარჩევნო ბიულეტენი, მაგრამ აღნიშნულის შემდეგ ამომრჩეველმა აღარ მიიღო მონაწილეობა არცერთ ან რომელიმე სახის არჩევნებში  (არ შეავსო საარჩევნო ბიულეტენი ან არ მოათავსა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები საარჩევნო ყუთში).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არ ჰყავდათ წარმოდგენილი კანდიდატები. მაგალითად, თბილისში 31 საარჩევნო სუბიექტს მაჟორიტარობის მხოლოდ 12, ხოლო მერობის 16 კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი. სავარაუდოა, რომ იმ საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლები, რომლებსაც არ ჰყავდათ ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარობის ან მერობის კანდიდატი, არჩევანს აკეთებდნენ მხოლოდ პროპორციულ ნაწილში, დანარჩენ შემთხვევაში კი საარჩევნო ბიულეტენში არ ხაზავდნენ არც ერთ კანდიდატს, რადგან ამ ბიულეტენებში მათთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის კანდიდატი არ იყო წარმოდგენილი. ეს რეალობა კი ბუნებრივად იწვევდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ზრდას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...