0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი - დაკავებულია ცოლ-ქმარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2018 წლის ანგარიშში დადებითად შეაფასა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ტრეფიკინგის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის კომპონენტი, ხოლო საქართველოს ძალისხმევა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად არის მოყვანილი.

ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს.დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, 1957 წელს დაბადებული პ.მ. და მისი მეუღლე - 1959 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს - ი.მ.-ს და ა. მ.-ს. კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ.გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს - პ.მ.-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი ყველა იმ ფაქტის გამოვლენას, სადაც ადგილი აქვს ბავშვების შრომით ექსპლუატაციას ან მათ მათხოვრობაში თუ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. ექსპლუატაციის მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის ახლო ნათესაური თუ სხვა კავშირის მიუხედავად, ყველა გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტზე სამართალდამცველების რეაგირება პრინციპულად მკაცრი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები