0 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე დააკავეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ს.ხ., დირექტორის ყოფილი მოადგილე ლ.ბ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი რ.ჯ. დააკავა.

2015 წლის 20 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლამდე პერიოდში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი. კერძოდ, 2006 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, დაწესებულების დირექტორმა, მისმა მოადგილემ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა, საპყრობილის რეჟიმის დებულების სრული იგნორირებით, შეიმუშავეს მსჯავრდებულებთან მოპყრობის საკუთარი წესები მათი დასჯის, დაშინების და უსიტყვო მორჩილების მიზნით. დასახელებულ პირთა ორგანიზებით სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლები მსჯავრდებულებს ეპყრობოდნენ დამამცირებლად და არაადამიანურად, აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. ბრალდებულთა ორგანიზებით პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში. აღნიშნული სახის  არაადამიანურ მოპყრობას ქ.რუსთავის №6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით.

2017 წლის 20 ნოემბერს, ამავე საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების სამი ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც სწორედ დაკავებულთა ორგანიზებით ახორციელებდნენ პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. სამივე პირმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამ ეტაპისთვის მათი ბრალდების საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

რაც შეეხება დაკავებულ პირებს, მათ უკვე წარედგინათ ბრალდება და საგამოძიებო უწყებამ მიმართა სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.  

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით  (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ.), რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იძიებს 27 სისხლის სამართლის საქმეს. ყველა აღნიშნული დანაშაული ჩადენილია 2012 წლამდე პერიოდში. ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. გარდა ამისა, ყველა საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა დასრულების შემდეგ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები