1 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს ქ. თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, ქ. თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. გარდა ამისა, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოთარ აბესაძემ ქრთამი ერთ-ერთი მოქალაქისგან გუშინ, 11 ივლისს აიღო. 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები