0 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Startup Drive-ის აქსელერაციის ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ

Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“  სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებმა ბიზნესიდეები წარადგინეს. ავტოინოვაციების მიმართულებით მომუშავე 20-მდე სტარტაპმა პრეაქსელერაციის ეტაპი გაიარა. აქსელერაციის ეტაპზე გადასული 10 გუნდი კი სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა:     

1.      Autoelement - მეორადი ავტონაწილების P2P ონლაინმაღაზია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნაწილისა და ავტომობილების მფლობელებს;

2.      Ivi legal - იურიდიული პლატფორმა ლოჯისტიკის სექტორისთვის, რომელიც შექმნილია სატვირთოს მძღოლების მხარდასაჭერად, კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილების პროცესში;

3.      Sos auto - ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია ავტოდახმარების, ევაკუატორის გამოსაძახებლად;

4.      Take me - მძღოლებისა და მგზავრების დასაკავშირებელი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამანათების სანდოდ და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;

5.      MG Drones - მცირე და საშუალო ზომის ამანათების ტრანსპორტირება ტექნოლოგიურად დახვეწილი დრონების საშუალებით;

6.      Cartune - Airbnb-ის შინაარსის აპლიკაცია ავტოინდუსტრიაში, რომლის მიზანია, მომხმარებლები დააკავშიროს ავტოხელოსნებთან;

7.      Unipass - სატრანსპორტო კომპანიებისა და მგზავრების დამაკავშირებელი ერთიანი პლატფორმა, რომელიც აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ზრდის უსაფრთხოებას. პლატფორმა წარმოადგენს Web და Mobile ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ პროდუქტს ჯავშნების მიმართულებით;

8.      Egarage - აპლიკაცია, რომელიც ავტომობილის მძღოლს შესაძლებლობას აძლევს, აკონტროლოს სერვისის მიღების ვადები;

9.      Opucat - მოპედებისთვის განკუთვნილი სამგზავრო ჩანთა გათბობისა და გაცივების სისტემით;

10.  SD - ჭკვიანი ტექნოლოგია უსაფრთხო მგზავრობისთვის. მოწყობილობა ახდენს ნასვამი მძღოლის იდენტიფიცირებას, ამოიცნობს, არის თუ არა ერთი და იგივე პირი ალკოტესტის ჩამბარებელი და მანქანის მძღოლი.

აქსელერაციის ეტაპისთვის შერჩეული სტარტაპები 5000-ლარიან გრანტს მიიღებენ. მომავალი 3 თვის განმავლობაში გუნდები მიღებული ინვესტიციით საკუთარი ბიზნესიდეის პროტოტიპის ფორმირებასა და ტესტირებაზე იმუშავებენ. მათ ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაში დარგობრივი სპეციალისტები და გამოცდილი სტარტაპერები დაეხმარებიან. მონაწილეებს ექნებათ ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან, დაესწრებიან P2P შეკრებებსა და მოწვეული სპიკერების სესიებს. საბოლოოდ, სტარტაპის შედეგებსა და პროტოტიპებს გუნდები დემო დღეზე წარადგენენ და გამარჯვებულებს ექნებათ წვდომა 200 000ლარიან საინვესტიციო ფონდთან.

Startup Drive-მა გვაჩვენა, რომ კორპორაციული სააქსელერაციო პროგრამის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მოთხოვნა მაღალი იყო ავტოინოვაციების მიმართულებითაც. პრეაქსელერაციის ეტაპის შემდგომ, სესიებისა და მენტორების დახმარებით, შერჩეული სტარტაპების განვითარების მხრივ, დიდი წინსვლა გვაქვს. მიხარია, რომ 10 ძალიან საინტერესო სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კიდევ უფრო რეალური გახადოს“,- ირაკლი ქაშიბაძე, „Future laboratory“-ის დამფუძნებელი.

„ავტოინდუსტრია ბოლო წლებში ძალიან სწრაფად ვითარდება და ახლა, ამ მიმართულებით, ბევრი სტარტაპი აქტიურად მუშაობს. Startup Drive-ით, სწორედ ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს მივეცით შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესიდეები წარედგინათ, განევითარებინათ და საბოლოო მოდელამდე მიეყვანათ. 15 იდეა მოვისმინეთ და მიხარია, რომ არჩევანის გაკეთება მარტივი არ იყო. ეს უკვე ნიშნავს პროექტის წარმატებას და  კიდევ ერთ ნაბიჯს სტარტაპ ეკოსისტემის განსავითარებლად“, -  დავით ჭეიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების დირექტორი.

Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startap Drive გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. შერჩევის შედეგად, პრეაქსელერაციის ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. 3 კვირის განმავლობაში გუნდები სხვადასხვა თემატურ სესიას დაესწრნენ და რეკომენდაციები ქართველი და უცხოელი მენტორებისგან მიიღეს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები