2 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა არ უნდა მიიღოს - ეუთო/ოდირი ე.წ. კარვების კანონზე

ეუთო/ოდირმა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა.

 დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო აღნიშნული ცვლილებების პროექტს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა ჯერ დასრულებული არ არის.

 აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნის მომზადებისას კონსულტაციები გაიარა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში. როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ასევე იცავს გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს, ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებს და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც.

 როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა, შესაძლოა მისი გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინოს. შეკრების სახესთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს მისი გზავნილის ეფექტური კომუნიკაცია და არ უნდა იქონიოს მსუსხავი ეფექტი უფლების განხორციელებაზე.

 შეკრების ფორმასა და ტიპთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაბამისობაში უნდა იყოს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობის, პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ მოთხოვნებთან.

 დასკვნაში დეტალურადაა განხილული კანონპროექტის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს. ასევე, პირაპირ არის მითითებული, რომ აქციებით გამოწვეული ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა, მათ შორის საგზაო მოძრაობის დროებითი შეფერხება, კომერციული საქმიანობისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს შეწყნარებული, სანამ ის სხვებს არააუცილებელ და არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს.

 ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, როდესაც ის არააუცილებლად ან აქციებთან დაუკავშირებლადაა მიჩნეული, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და გაეროს კონვენციებით დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებს და გაუმართლებელია.

 როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, არ არის ნათელი თუ რატომაა არსებული სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად მიჩნეული მაშინ, როდესაც ის უკვე შეიცავს დებულებებს გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან, ასევე საეჭვო ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებების თაობაზე. დროებითი კონსტრუქციების აღმართვის გამო ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმასთან და კონფისკაციასთან ერთად) ასევე შეფასებულია არაპროპორციულად და მსუსხავი ეფექტის მქონედ უფლების განხორციელებაზე. როგორც ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მითითებული.

 შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი.

ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები