1 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა" - მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ ნაკლებად ანგარიშვალდებული პარლამენტი, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის

პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო ნაკლებად ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანო, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის - საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ხელს უშლის კარგი მმართველობის განხორციელებას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე თქმით, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პარლამენტში აკრედიტაციის ახალი წესის ამოქმედებიდან, აკრედიტაცია კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელს შეუჩერდა. განცხადების თანახმად, აღნიშნული პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეგულაცია სადამსჯელო მექანიზმია კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის და ხელს უშლის პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეების ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნება კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, ართულებს კრიტიკული ინფორმაციის თავისუფლად დინებას და ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.

„საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მაშინ როცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პარლამენტის ღიაობა და ცალკეული პარლამენტარების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაძლიერება, პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა. ჟურნალისტურ საქმიანობაში სისტემური ხელის შეშლა 2023 წელს ამოქმედებულმა აკრედიტაციის განახლებულმა რეგულაციებმა გაამყარა, რამაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმები აამოქმედა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი გააუარესა.

შეგახსენებთ, რომ აკრედიტაციის ახალ წესს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (Committee to Protect Journalists) გამოეხმაურა და საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, შეცვალოს რეგულაცია. სამოქალაქო სექტორმა პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის განახლებული პროცედურების ამოქმედება გააკრიტიკა, რომელიც წინასწარი განხილვების გარეშე იქნა მიღებული. შეცვლილმა რეგულაციებმა თავიდანვე გააჩინა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი ახალ წესს კრიტიკულად განწყობილი მედიის შეზღუდვისთვის გამოიყენებდა.

2023 წლის 12 აპრილს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” პარლამენტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა, რომელიც პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის” საფუძველზე არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. პარლამენტმა არ უპასუხა ჩვენს კითხვებს, კერძოდ: რამდენი მედიასაშუალების წარმომადგენელია აკრედიტებული პარლამენტში (აკრედიტებული ჟურნალისტების სია არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი პარლამენტის ვებ-გვერდზე), რამდენ მედიასაშუალებას ეთქვა უარი აკრედიტაციაზე, მედიის რამდენ წარმომადგენელს (ჟურნალისტს, ოპერატორს და სხვ.) შეუჩერდა საპარლამენტო აკრედიტაცია და სხვ.

საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აკრედიტაციის წესის ამოქმედებიდან აკრედიტაცია შეუჩერდა კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელს. მათ შორის:

მარტის თვეში აკრედიტაცია შეუჩერდათ “პუბლიკას” სამ ჟურნალისტსა და “ტაბულას” რედაქტორს (ამათგან, ფაქტის გასაჯაროების შემდეგ “პუბლიკას” ორ ჟურნალისტსა და “ტაბულას” რედაქტორს პარლამენტის აპარატმა აკრედიტაცია აღუდგინა);

აპრილის თვეში აკრედიტაცია შეუჩერდათ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს;

მაისის თვეში: აკრედიტაცია შეუჩერდათ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტსა და ოპერატორს.

თეორიულად, მედიის აკრედიტაცია სწორედ მეტი გამჭვირვალობისა და პროფესიული საქმიანობის ხელშემწყობი მექანიზმია, თუმცა ავტორიტარულ რეჟიმებში ის შესაძლოა, გამოყენებული იყოს მედიაზე კონტროლისა და ზეწოლის გასაძლიერებლად. ამისთვის, პირველ ეტაპზე, აკრედიტაციის პროცედურები უფრო ბიუროკრატიული ხდება და შემდეგ, სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცევა.

დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი უწყებას ეხმარება, გახდეს უფრო გამჭვირვალე, ხოლო მედიას - მოიპოვოს საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია. საქართველოში ბოლო რამდენიმე თვეში დამკვიდრებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეგულაცია სადამსჯელო მექანიზმია კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის და ხელს უშლის პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეების ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობას.

მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო ნაკლებად ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანო, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის. კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შევიწროებით, ხელისუფლება იგნორირებას უწევს ღია მმართველობის პლატფორმის მთავარ ღირებულებებსა და პრინციპებს, რის შედეგადაც რეალურად შეჩერებულია OGP-ის ეროვნული პროცესი და მნიშვნელოვანი რეფორმები.

ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაუცემლობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობის ტრადიციულ ფორმებზე (ინტერვიუს საქმიან ფორმატში ჩაწერაზე, გადაცემებში სტუმრობასა და ჩართვებზე, დებატებში მონაწილეობაზე) უარს აცხადებენ. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პროფესიული საქმიანობისას ხელისუფლებასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მოპოვების (განსაკუთრებით ექსკლუზიურ და/ან საგამოძიებო მასალებზე მუშაობისას) ერთადერთი იძულებითი არჩევანი “დერეფნებში დადევნების პრაქტიკა” დარჩა. ეს ფორმა შესაძლოა, იწვევდეს მედიის დისკრედიტაციას, დაკნინებას და ამასთან, ქმნიდეს დამატებით საბაბს, რომ ახალი წესით ჟურნალისტს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდოს.

საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ხელს უშლის კარგი მმართველობის განხორციელებას.

საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის ახალი წესის დამკვიდრებული პრაქტიკა შეიცავს მედიაში თვითცენზურის გაზრდის რისკებს და იქონიებს მსუსხავ ეფექტს. ამ ტენდენციის შენარჩუნება კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, ართულებს კრიტიკული ინფორმაციის თავისუფლად დინებას და ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს მეტი ღიაობა (მათ შორის: პროფესიული სტანდარტების ფორმატში ითანამშრომლოს კრიტიკულ მედიასთან, განათავსოს ვებ-გვერდზე ინფორმაცია აკრედიტებული ჟურნალისტების შესახებ, კანონით დადგენილი წესით დროულად გასცეს საჯარო ინფორმაცია და სხვ.), დაუყოვნებლივ შეცვალოს ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი და კრიტიკული მედიის შევიწროების დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა,“ - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები