1 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. 

იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი დილის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აფიქსირებენ მოქალაქეების მოთხოვნებს. 

შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება. 

აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 1500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება. 

შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში. 

შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 7000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები. აღსანიშნავია, რომ სატელეფონო შეტყობინება ეგზავნება ყველა პირს, რომელთაც მითითებული აქვთ საკონტაქტო ინფორმაცია. 

მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამება გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს. შემდგომში ცესკოს განკარგულებით მტკიცდება ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე მიეწოდება საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს. 

საარჩევნო ადმინისტრაცია შეახსენებს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 22:00 საათზე იწურება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები