1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. 

მარკ კლეიტონი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ ბრიტანეთის ელჩს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების თაობაზე. თამარ ჟვანიამ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. 

ბრიტანეთის ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა დააკვირდეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და არჩევნებზე მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხს ამაღლებს. 

დღევანდელ შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა როგორც პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსსა და მისი შესრულების მნიშვნელობაზე, ისე ცესკოსა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილ ქცევის კოდექსზე. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტები დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მათი შესრულება საარჩევნო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები