1 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ილია არჩემაშვილი: ჩემი მთავარი მიზანია, ჩემი შრომით, როგორც ერთმა რიგითმა თიანელმა, წვლილი შევიტანო რაიონის განვითარებასა და წინსვლაში

თიანეთში  მუნიციპალიტეტის  მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ქართული ოცნების მხარდაჭერილი ახალბედა პოლიტიკოსი ლევან წიკლაური, ყველასთვის კარგად ნაცნობი თამაზ მეჭიაური, რომელიც  თიანეთის  მერის პოსტზე უკვე იყო არჩეული, ამ თანამდებობაზე  საკუთარი ნებით უარი თქვა საპარლამენტო მანდატის სანაცვლოდ, მაგრამ დამარცხდა 2020 წლის არჩევნებში; ექსპრემიერ გახარიას პარტიიდან  თამაზ იარაჯული და ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, ადგილობრივი მეწარმე  ილია არჩემაშვილი, რომელსაც ყველა თიანელი კარგად იცნობს და  როგორც  პატიოსან, მშრომელ პიროვნებად ახასიათებენ.

მას უკვე აქვს პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება - ჯერ თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მოგვიანებით კი  იყო თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, თუმცა  ნანობს, რომ გამოუცდელობის გამო მაშინ რაიონისთვის ბევრის გაკეთება ვერ შეძლო. დღეს კი საკმაოდ დიდი ამბიცია და გეგმები აქვს.  მისი  თქმით, თავისი საქმიანობით საკმაო გამოცდილება დააგროვა და უნდა ეს ცოდნა თიანეთის წინსვლას და განვითარებას მოახმაროს. სწორედ ილია არჩემაშვილთან  ვისაუბრეთ თიანეთში წინასაარჩევნო ვითარებაზე, მის განვლილ გზასა  და გეგმებზე:

ბატონო ილია, მოგვიყევით თიანეთში  დღეს არსებული მდგომარეობის  შესახებ

სიტუაცია არის ძალინ მძიმე, როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტში.  ჩვენ მთიანი რაიონი ვართ, აქ  მიწათმოქმედის შრომა ნაკლებშემოსავლიანია, გაცილებით მეტი პრობლემაა. ძალიან მაღალია მოსახლეობის მიგრირების პროცესი საზღვარგარეთ - ამ გაჭირვების და სიღარიბის  ფონზე რაიონი ფაქტიურად იცლება.  უპერსპექტივობის შეგრძნების გამო, ხალხს, ერთადერთ გამოსავლად სახლიდან და ოჯახებიდან შორს წასვლა და  შრომა მიაჩნია. სოციალურ გაჭირვებას ემატება ყოფითი პრობლემები:  გაუმართავი წყალმომარაგება;  მოუწესრიგებელი შიდა გზები, გარე განათება და  კანალიზაცია; ქაოტური, უკონტორლო განაშენიანება; ახალგაზრდებისთვის ელემენტარული პირობების არარსებობა და ასე შემდეგ.

რამ გადაგაწყვეტინათ ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში, არცთუ ისე მდიდარ  და მწირბიუჯეტიან რაიონში კენჭი გეყარათ მერის თანამდებობაზე?

ბოლო ათი წელია თიანეთში მუდმივად ვცხოვრობ და ყოველდღიური შეხება მაქვს აქაურების ყოფასთან - ვიცი თითოული აქ მცხოვრების სიხარულიც და გასაჭირიც. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რასაც ამ ბოლო წლებში მოვკიდე ხელი, უამრავ   ადამიანთან მაქვს შეხება და ძალიან კარგად ვიცი მათი მდგომარეობა, ვხედავ, რომ ბევრი მათგანი თავის გადარჩენისთვის იბრძვის.

ბევრი მეკითხებოდა ვაპირებდი თუ არა კენჭისყრას და ბევრმაც იცის, დიდ ხანს ვფიქრობდი მიმეღო თუ არა ეს გადაწყვეტილება.   ალბათ არც მივიღებდი, რომ არა ჩემი საწარმოს ერთერთ ბენეფიციართან ბოლოდროინდელი  შეხვედრა:  ამ ქალბატონმა, რომელმაც უკიდურესი გაჭირვების გამო საქონელიც გაყიდა, ოჯახისთვის ელენენტარული საკვების შესაძენად ტყეში კენკრას აგროვებს. მიუხედევად იმისა, რომ არ იყო სეზონი, მოკრძალებით მთხოვა ჩემთვის, ამ ეტაპზე გამოუსადეგარი ხილის ჩაბარება. რა თქმა უნდა დავთანხმდი, მაგრამ დავფიქრდი,  ერთჯერადი დახმარების ნაცვლად,  შემიძლია თუ არა რეალურად რამე გავაკეთო  ამ ქალბატონისთვის და მისი მსგავსი ასეულობით ადამიანისთვის?! - უბრალოდ ვალდებულად  ჩავთვალე თავი ეს ნაბიჯი გადამედგა და კენჭი მეყარა თიანეთის მერის პოზიციაზე.  

მინდა,  ჩემი გამოცდილებით, ცოდნით, უნარებით, კავშირებით შევძლო და მცირედით მაინც გავაუმჯობესო ხალხის მდგომარეობა, დავანახო მათ რაიონის  განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივა; დავანახო, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს აქ ინვესტორების შემოსვლის, ბიზნესის კეთების  არაჩვეულებრივი ბუნებრივი პირობები.  ჩემი მიზანია ჩემს შრომისმოყვარე თიანელებს ვაჩვენო და  მივცე იმის მაგალითი,  რომ თუ ერთად მოვინდომებთ, სამუშაო ადგილებიც შეიქმნება  და არსებობის საშუალებაც.

     როგორ აფასებთ თქვენს შანსებს არჩვნებზე?

მე ვფირრობ, საკმაოდ კარგი შანსები მაქვს თუნდაც, როგორც რიგითი ამომრჩევლის თვალით თუ შევხედავ. ეს რაიონი ძალიან კარგად ვიცი,  ვგრძნობ და ვხედავ აქაურების  მხარდაჭერას.  კარგად ჩანს რა სიტუაციაშიც, პირდაპირ ვიტყვი, რა ჭაობშიც ვართ. არაფერი არ იცვლება: ადამიანები, ვინც წლების მანძილზე რაიონს მართავენ, არიან ერთადერთზე ორიენტირებული: შეინარჩუნონ საკუთარი ადგილები და მეტი სადარდებელი არ გააჩნიათ. რაიონი იმართება არჩევნებიდან არჩევნებამდე, ამას ხმარდება სოციალური დახმარების პაკეტი; ამას ხმარდება ყველა დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი, ან უხარისხოდ შესრულებული პროექტი. ამ მიმართულებით იხარჯება, ანუ წყალში იყრება მთელი თანხა და აკეთებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენონ მათ, ვისაც წლების  განმავლობაში ფაქტიურად არაფერი უკეთებია.          

დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლება თვლის,  რომ 100 ლარიანი დახმარებებით დიდ შეღავათს უწევს ადგილობრივებს, არადა ეს ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით რაც შეგვიძლია გაჭირვებული ფენისთვის გავაკეთოთ. მათ  ჭირდება  საქმის კეთება, თავიანთი შემოსავალი, მათ უნდა შეეძლოთ  თავის და ოჯახის რჩენა,  იძულებული არ უნდა იყვნენ მოწყალებასავით ითხოვონ  სოციალური დახმარება.

ამ მიზეზების გამო ვფიქრობ, რომ თიანელებს აქვთ შედარების და გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

რით განსხვავდება ახლანდელი პერიოდი იმ პერიოდისგან, როცა თქვენ პარლამენტში თიანეთის დეპუტატი იყავით?

ჩემი დეპუტატობის პერიოდი 2003 წლიდან დაიწყო, როცა ქვეყანაშიც და რაიონშიც უმძიმესი ვითარება იყო.  პრობლემას წარმოადგენდა ელექტრომომარაგება, წყალი, დგაზი.... დღეს აღარავის ახსოვს, რომ  რომ  თიანეთი-თბილისის  გზის გავლას 3 საათს ვუნდენოდით.  

სწორედ იმ დროიდან დაიწყო ძირეული პრობლემების აღმოფხვრა და რეფორმები ქვეყანაში,  რომლებიც ახლა უკვე ძალიან ბუნებრივად გვეჩვენება. მაგალითად უწყვეტი ელექტრომომარაგება, გაყინული პენსიების და ხელფასების გაცემა, მასობრივი გაზიფიცირება, პოლიციის და ჯანდაცვის სისტემის რეფორმა და ასე შემდეგ.

იგივე შემიძლია ვთქვა თიანეთზე: სწორედ იმ პერიოდში გაკეთდა თიანეთი- თბილისის (საბადურების) და დაპროექტდა ე.წ. ჟინვალის გზა.  მე ამაყი ვარ, რომ ჩემი დეპუტატობის პერიოდში საკმაოდ ბევრი რამე გაკეთდა და საკითხი გადაწყდა, მათ შორის  ჩემი  ინიციატივით, ან   მონაწილეობით.  თუმცა, ამ გადმოსახედიდადან  უნდა ვაღიარო,  საკმაო გამოცდილება არ მქონდა, რომ  ჩემი რაიონისთვის უფრო მეტი გამეკეთებინა. ბევრ პრობლემას ახლა სულ  სხვა თვალით შევხედავდი და  გადაწყვეტის სხვა გზებს მევძებნიდი,  დღეს გაცილებით უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, უფრო მეტ შესაძლებლობებს ვხედავ და მათ აუცილებლად გამოვიყენებ.

თიანეთში ამბობენ: „გვეყო ეს ერთიდაიგივე სახეები, ახალგაზრდებს ვაცადოთო...“

კი მეც მსმენია და ეს განსაკუთრებით აქტუალური იყო, სანამ კანდიდატურას დავაყენებდი. თუ მე ხალხი კარგად მიცნობს, რატომ ნიშნავს, რომ სხვაზე ნაკლები შანსი მაქვს ჩემი საქმით ჩემს რაიონს ვემსახურო?

ახალგაზრდებს რაც შეეხება, ზემოთ აღვნიშნე, ძალიან ვნანობ, რომ  ჩემი გამოუცდელობით ბევრის გაკეთება ვერ შევძელი. იგივეს ვფიქრობ ახალაც, ახალგაზრდებს უბრალოდ მხოლოდ მათი ასაკის გამო  კი არ უნდა დავუთმოთ ადგილი და გვერდზე გავდგეთ, არამედ მათ უნდა ვასწავლოთ, გვერდით დავიყენოთ, მეტი გამოცდილება შევძინოთ,  რომ თავიანთ საქმეში   უფრო დამოუკიდებელნი და თავდაჯერებულნი გახდნენ.

ახალგაზრდებს, რომლებსაც თვითმმართველობასთან შეხება არ ჰქონიათ და პირდაპირ თანამდებობებზე მოსვლის ამბიცია გააჩნიათ, ძალიან მწირი წარმოდგენა  აქვთ რეალურად რა და როგორ აკეთონ. მე ვერ ვხედავ, რომ ამ რაიონში ახალგაზრდებს ხელს უწყობდნენ, თვითმმართველობაში რთავდნენ და გზას უხსნიდნენ. დიახ, ახალი სახეები უნდა მოვიდნენ, მაგრამ  გამოცდილები და  დამოუკიდებლები თავიანთ ქმედებებში.

მინდა, ყველას კარგად გვესმოდეს:   ძველი, ყველა თიანელისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკური ფიგურების  მცდელობები,  ახალი სახეები აიფარონ წინ და ისე დაბრუნდენ რაიონის და მისი რესურსების მართვა-გადანაწილების საქმეში, აქაურებს მხოლოდ ღიმილს ჰგვრის, პატარა რაიონია და ყველამ ყველაფერი ვიცით.  რაც შეეხება თიანელებს, ჩემო კარგებო, ფრთხილად ვიყოთ, ამ ახალი ძალით, რამე ძველი, კარგად ნაცნობი და გამოცდილი არ შემოგვაპარონ.

აქ იმასაც ამბობენ, რომ თქვენ ვიღაცის ვალში ხართ და ამ ნაბიჯის გადადგმა თქვენი ნების საწინააღმდეგოდ  დაგავალეს.

დიახ ვიცი და რა არის დასამალი, ლაპარაკია ცეზარ ჩოჩელზე, ჩემს უახლოეს მეგობარზე. რომელთანაც პოლიტიკამ დამაკავშირა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში არანაირ გადამწყვეტ როლს აღარ ასრულებს. იმაზე, თითქოს ცეზარი, ჩემი ნების საპირისპიროდ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას მაიძულებს, მასაც და მეც გვეცინება.  ჩემთვის ძალიან საამაყოა ცეზართან მეგობრობა.  

ვიცი, მას არ სიამოვნებს ამის შეხსენება, მაგრამ  დღეს რომ ცოცხალი ვარ და ჩემს შვილებს ვუყურებ, ეს ცეზარის გამორჩეული დამსახურებააა. თუმცა, ყველას, გასაგონად მინდა ვთქვა, ძალიან ცუდი  და მცდარი წარმოდგენა გქონიათ მასზეც,  ჩემზეც და საერთოდ მეგობრობაზეც თუ უშვებთ რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ვინმე ამ ფაქტს იყენებს.

ვფიქრობ,  ისე  მიცხოვრია, რომ შემიძლია თავისუფლად და თამამად მივიღო ნებისმიერი გადაწყვეტილება, ვინმეს   კარნახის, მითუმეტეს დაძალების გარეშე, თუნდაც ეს ცეზარ ჩოჩელი იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ მერად აგირჩევენ და ოპოზიციაში იქნებით, ხომ არ გაგიჭირდებათ რაიონის მართვა ხელისუფლების ზურგის გარეშე?  როგორ აპირებთ ამ ბარიერის გადალახვას?

 

კანონით, კონსტიტუციით, თვითმმართველი ერთეული აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომელმაც  თავის საქმე უნდა აკეთოს.  ფუნქციები მკაცრადაა გამიჯნული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ამ უკანასკნელმა  კარგად უნდა  იცოდეს თავისი უფლებები:  მას შეუძლია ცენტრალურს არ ჰკითხოს ყველა ნაბიჯის, ყველა თემის,  ყველა პრობლემის გადაწყვეტა და უნდა იყოს დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული მისი კომპეტენციის ფარგლებში. დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს: თვითმმართველობების, მათ შორის თიანეთის არაკომპეტენტურობას და უცოდინრობას ცენტრალური ხელისუფლება კარგად იყენებს და ადგილობრივს აგრძნობინებს,  რომ მისი დაქვემდებარებულია.  

არადა, ეს ასე არ არის, ეს მითი უნდა გავტეხოთ. ჩემი მოგების შემთხვევაში, და იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, შეიძლება მართლაც შეეცადოს ვინმე  ხელის შეშლას, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი,  ბიუჯეტი დგება წინასწარ კანონით განსაზღვრული კოეფიციენტით, რომელსაც ვერავინ შეცვლის და  მუნიციპალიტეტი დაფინანსებას   იმის მიუხედავად მიიღებს, თუ რომელი პარტია იქნება თვითმმართველობაში.  

მთავარია ადგილობრივმა თვითმმართველმა ორგანომ ხარჯები მართოს პრინციპულად სწორი მიმართულებით, კანონის და მორალის ფარგლებში, რაიონის უკეთესობისთვის და არა საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის. მოკლედ,  ყველას მინდა ვუთხრა: მოეშვან ამ თემით სპეკულირებას, თითქოს  ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე მერს  არაფერი გამოუვა.  ყველაფერი გამოვა თუ საქმის გაკეთება და თიანელებისთვის უკეთესი ცხოვრება გვინდა!

როგორ ფიქრობთ დამოუკიდებლად რომ გეყარათ კენჭი უფრო მეტი შანსი ხომ არ გექნებოდათ?

მოდით სიმართლე ვთქვათ, რატომ დამოუკიდებლად?  იმიტომ ხომ არა,  რომ ნაციონალური მოძრაობის წევრობა არ დამაბრალონ? 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე   გაერთიანებულ ოპოზიციას ვუჭერდი მხარს, თიანეთში  ჩამოყალიბდა ძალიან კარგი გუნდი, ჩემი მეგობრები,  რომელთაც ვერ ვუღალატებდი და თუ  არჩევნებში ჩავერთვებოდი, მათთან ერთად უნდა გამეგრძელებინაა ეს ბრძოლა. მითუმეტეს, დღეს რადიკალურად შეცვლილს ვხედავ  ყველაფერს ნაციონალურ მოძრაობაში.  

პარტიამ საკმაოდ მწარე გამოცდილება მიიღო თავისი შეცდომებით და ამ შეცდომაბთან ასოცირებული ადამიანებიც უკვე ჩამოცილებული არიან ნაციონალური მოძრაობიდან. დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ეს უუნარო ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და როცა ცვლილებებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა  დაგვავიწყდეს, ეს  არის სწორედ  ნომერი პირველი ოპოზიციური პარტია, ყველაზე მეტი მხარდამჭერით და ლიდერი ოპოზიციური ერთობის, რომელიც ქვეყანაში ამ ცვლილებებისთვის იბრძვის.  დიახ, მე ნაციონალური მოძრაობასთან ერთად ვარ ქვეყანაში და ჩემს რაიონში ცვლილებებისთვის.

იცით რა აწუხებს თიანეთის მოსახლეობას? არჩევის შემთხვევაში საიდან აპირებთ პრობლემების მოგვარების დაწყებას და ზოგადად რა გეგმები გავთ?

დიახ, როგორც გითხარით, სრულად გაცნობიერებული მაქვს ყველა პრობლემა რაც აქაურებს აწუხებთ. ესაა პირველ რიგში უმუშევრობა, სიღარიბე, ოჯახის წევრების საზღვარგარეთ სამუშაოდ მიგრირება, წყალმომარაგების პრობლემა და კიდევ სხვა უამრავი.

მე უკვე გაწერილი მაქვს, რა მიმართულებით წავალ და რას  ვთავაზობ ჩემს  თიანელებს.  ჩემმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის, რომ ყველაფერს გავაკეთებ ადგილობრივი წარმოების წახალისებისთვის, ჩვენი რაიონის ტურისტულ და საკურორტო ზონად გადაქცევისთვის, მისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

ჩემი ამბიციაა ტურიზმის გააქტიურებით, რაიონში მეტი ხალხის მოზიდვით გავაჩინოთ მეტი მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქციასა და მომსახურებაზე; ასევე ჩემი ამბიციაა, შევქმნათ ჩვენებური პროდუქციის  სრულად ახლებური  ბრენდირება და ერთიანი აქტიური მარკეტინგული კამპანიით ხელი შევუწყოთ ცნობადობის გაზრდას, ეს გამოიწვევს წარმოების წახალისებას და გასაღების ბაზრებს გაგვიხსნის.   

შესაბამისად, გაიზრდება შემოსავლი  და რა თქმა უნდა,  გაჩნდება სამუშაო ადგილები. ასევე გაჩნდება პერსპექტივის განცდა  ახალგაზრდებში და ისინი დაბრუნებიან რაიონში - ეს კი უკვე თიანეთის  გაცოცხლებას ნიშნავს. ჩემი მთავარი მიზანია, ჩემი შრომით, როგორც ერთმა რიგითმა თიანელმა წვლილი შევიტანო რაიონის განვითარებასა და წინსვლაში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები