2 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ინტერნეტ-ბანკიდან თანხის გადარიცხვა ონლაინ-აზარტული თამაშების ანგარიშებზე - დაკავებულია ოთხი პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტ-ბანკისა და ონლაინ-აზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.

„სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ორი პირი – ე.ვ. და დ.ჭ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს, შემდეგ აღნიშნული თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და ფულს უკანონოდ დაეუფლნენ.

დაკავებულების მიერ თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული თანხა, ჯამში, 20 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, კიდევ ორი პირი – 1999 წელს დაბადებული – გ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხოლო 1996 წელს დაბადებული რ.კ. – ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა – რ.კ-მ, 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით, ბათუმში მდებარე ინტერნეტ-კაფეებში არსებული კომპიუტერული ტექნიკით ისარგებლა, სხვადასხვა დროს მოპოვებული, 11 მოქალაქის კუთვნილი, ონლაინ ტოტალიზატორების მომხმარებლის სახელებისა და პაროლების გამოყენებით, ონლაინ-ტოტალიზატორების ანგარიშებზე დაფიქსირებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებიდან ფული აზარტული თამაშების ინტერნეტსაიტების ანგარიშებზე გადმოიტანა, შემდეგ აღნიშნული თანხები გ.ბ.-ს მიერ მიწოდებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებზე ჩარიცხა. ბრალდებულებმა ჩარიცხული თანხები ბანკომატებიდან გაანაღდეს და ნაქურდალი ფული გაინაწილეს.

„დაკავებულებმა დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 22 000 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ონლაინ ტოტალიზატორების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვა შესაძლო დაზარალებული პირების გამოკვეთა-დადგენის მიზნით.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ბრძოლას მსგავსი სახის დანაშაულების წინააღმდეგ, რათა მოქალაქეების კუთვნილი სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები, ასევე, ქვეყნის საბანკო სექტორი და მისი მომხმარებელ მაქსიმალურად იყოს დაცული“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები