0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩემი ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ ვერ მივიღებთ - ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, მკურნალობას 130 კოვიდინფიცირებული გადის და ამ ეტაპზე, ახალი პაციენტების მიღებასთან დაკავშირებით, კლინიკის ლიმიტი ამოწურულია.

რატიანის თქმით, 35-მდე პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. ამის შესახებ მან "რუსთავი2-თან" ისაუბრა.

"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლიმიტი, ამ ეტაპზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან რატიანის ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ, ვერ მიიღებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ამ კლინიკის რეალობა,"- აცხადებს ლევან რატიანი.

ლევან რატიანმა ასევე ისაუბრა შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული პირების შესახებაც და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 3 ადამიანი, კრიტიკულ მდგომარეობაში შევიდა კლინიკაში სამედიცინო პერსონალმა მათი გადარჩენა და განკურნება შეძლო. ამ კონტექსტში რატიანმა კლინიკის გადატვირთულობაზე კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი და კითხვაზე, რა მოხდება, თუ ამ მომენტშიც მსგავსი მძიმე პაციენტები მიაკითხავენ მის კლინიკას, რატიანმა განაცხადა რომ ეს კოლაფსს გამოიწვევს:

"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა. ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს," - განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, არჩევითად მკურნალობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ ამ სერვისს ვეღარ მიიღებენ.

რატიანის თქმით, გადარჩენის ამოსავალი წერტილი ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაა. ლევან რატიანის თქმით, პაციენტების ტრიაჟი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მოუწევს.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარება ახდენს ტრიაჟს და როგორც ახლა ხდება დაყოვნება, უარესად დაყოვნდება და ვერ მოხვდებიან მიზანმიმართული ჯგუფები კლინიკებში, ყველამ უნდა მოიფიქროს რაღაცა, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მიზანმიმართულმა ჯგუფებმა მიიღონ სამედიცინო დახმარება. ამისთვის, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს,"- აღნიშნა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა, მას კორონავირუსზე ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კორონავირუსი უკვე გადაიტანა. სწორედ ამიტომ, ის აღარ იყენებს სრულ დამცავ ეკიპირებას კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტისას.

რატიანის თქმით, კორონავირუსი გადატანილი აღმოაჩნდათ კლინიკის ექიმების უმრავლესობასაც, რომლებიც ინფიცირებულებთან მუშაობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები