1 5 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, მას აღრმავებს – ანდრიუს კუბილიუსი

რატომ ვერ მიიღო საქართველომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი? რა მოთხოვნები აქვთ ევროპარლამენტარებს საქართველოს მთავრობის მიმართ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ თემებზე “ამერიკის ხმაის” ჟურნალისტი, მარიამ უგრხელიძე, ანდრიუს კუბილიუსს, ევროპარლამენტარს და ლიეტუვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ესაუბრა. კუბილიუსი განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი:

“პირველ რიგში, საქართველოს შეუძლია შეხედოს ლიეტუვას, ბალტიის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითს. შეგახსენებთ, რომ 1999 წელს, მოლაპარაკებების დაწყებამდე, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ე.წ. მსიყდველობიუთუნარიანობაში, ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ 39% იყო. ახლა, როდესაც შევძელით ევროკავშირში გაერთიანება და ერთიან ბაზარზე წვდომა გვაქვს, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 90%-ს აღწევს.

ასე რომ ის, რასაც ევროკავშირის წევრობა გარანტირებულად იძლევა ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის არის: ზრდა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, დემოკრატიული არეალის გაფართოება.

თუ შევხედავთ 90-იანი წლების გამოცდილებას, ვერცერთმა ქვეყანამ, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირი, ვერ შეძლო, რომ პოსტ საბჭოთა პერიოდში მიეღწია კეთილღეობისა და ზრდისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციის გარეშე.

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვიცით ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამ სურვილს ჩვენც ვიზიარებთ და ამიტომაც ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს ამ მიზანს.“–ამბობს კუბილიუსი.

კითხვაზე, რატომ არ მისცა საქართველოს ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი, კუბილიუსი ამბობს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალია:

“ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა, თუ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებდა იმ შეცდომებს, რომელებზეც უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ვსაუბრობთ. ევროკავშირის წევრობა, ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღება, მოითხოვს, რომ ქვეყანა გარკვეულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდეს. მხოლოდ სურვილის ქონა ქვეყნის მხრიდან საკმარისი არაა. საჭიროა რომ ქვეყანა კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის არ იყო წარმატებული, ვინაიდან მთავრობამ და პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო ერთობლივი ძალების მობილიზება იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც თავიდანვე ძალიან ნათელი იყო. ასე რომ კომისიის კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებებები საქართველოს პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, სასამართლოს რეფორმირებაზე, ეს არ არის საქართველოსთვის წინაღობის შემქნა.

ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის მთავრობასთან, პასუხისმგებლიან მთავრობასთან ერთად, შეუძლია, რომ წლის ბოლომდე მიზანს მიაღწიოს. ეს მოხდება, თუ ისინი ძალიან ნათლად გაიაზრებენ საკუთარ შეცდომებს და დაიწყებენ მოქმედებას სიტუაციის შესაცვლელად.

მოცემულ მომენტში, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მთავრობა ოპოზიციაზე ცდილობს ბრალის გადატანას და ეს არაა ის, რაც ევროკავშირის პარლამენტის წევრები ელიან საქართველოს ხელისუფლებისგან“– ამბობს კუბილიუსი. კითხვაზე, ვის გულისხმობდა ევროპა, როცა საქართველოს დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია მისცა, ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ერთ ადამიანზე – ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, რომელიც ქვეყანას ბევრ პრობლემას უქმნის.

“ვფიქრობ საიდუმლო არაა, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე მოვლენები დიდწილად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და ეს ბიძინა ივანიშვილია. ასეთი ტენდენცია ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს და ბევრ წინააღმდეგობას უქმნის იმისთვის, რომ წინ წავიდეს და გახდეს ნორმალური, საშუალო ევროპული ქვეყანა. ვერცერთ ევროპულ, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ვერ ნახავთ ერთი, მდიდარი ადამიანის გავლენას, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური სტრუქტურა შექმნა. ასეთი წყობა და მოვლენების განვითარება არ არის და ვერც იქნება დემოკრატიის ისეთი ფორმა, რომელიც კოპენჰაგენის კრიტერიუმებს შეესაბამება.

სწორედ ასეთი გავლენისა და ასევე იმის გამო, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ზოგიერთ რუს ოლიგარქს შორის შესაძლოა არსებობდეს ურთიერთობა, ევროპარლამენტმა და მისმა რეზოლუციამ წამოჭრა საკითხი, ხომ არ უნდა დაედოს მას სანქცია ასეთი ქმედებებისთვის.

კიდევ ერთხელ, ამაში არაფერია განსაკუთრებული. სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკამ სანქციები დაადო ლატვიელ ოლიგარქს და რამდენიმე პირს ევროკავშირის შიგნით. სწორედ ესაა გზა, რითიც სხვა ქვეყნები ცდილობენ დაეხმარონ სამოქალაქო საზოგადოებას და ზოგადად, ერებს, სადაც ოლიგარქების მძიმე გავლენაა. “

კუბილიუსი თვლის, რომ საქართველოს ერთ–ერთი მთავარი პრობლემა პოლარიზაციია, რომლის გაღრმავებას ხელისუფლება ცდილობს:

“პირველ რიგში, მთავრობამ უნდა იფიქროს საკუთარ შეცდომებსა და პასუხისმგებლობებზე. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მოსაზრება ღიად გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი მივიდა პარლამენტში და იმის ნაცვლად, რომ ესაუბრა იმაზე, რას გააკეთებს მთავრობა პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, ბატონმა ღარიბაშვილმა დაიწყო ოპოზიციის და სხვების დადანაშაულება. ამან გვაჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს. ეს ჩანდა, როგორც მიზანმიმართული ქმედება, რათა საქართველოს შეუმცირონ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.“–ამბობს ევროპარლამენტარი.

წყარო: ამერიკის ხმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები