2 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უბრალოდ ნიკო გომელაური…

ჩამოტვირთვა

ბოლოსაც ისე უყვარდა როგორც 20 წლის ასაკში... „ისეთივე გაბრწყინებული თვალები მაქვს და ისეთივე შეცდომებს ვუშვებ, როგორც ადრე. იმიტომ არის სიყვარული მაგარი, რომ თავს გაკარგვინებს, სულელს გხდის და მაინც მოგწონსო“. ასე პასუხობდა ეს დიდი ადამიანი მათ, ვინც სიყვარულზე შეეკითხებოდა.. მისი სიყვარულის ობიექტს კი დღეს მოგონებები არ ასვენებს: „მოგონებები არ გამაგონოთ! სურათებიც კი არ დამიკიდია, ისე ვუფრთხი მოგონებებს. ხალხი ქუჩაში მაჩერებს, მცნობენ და მეუბნებიან, რა ბედნიერი ქალბატონი ბრძანდებით, ასე რომ უყვარდით თქვენს ქმარსო! ეს ემოციებისა და მოგონებების კასკადს იწვევს, რაც საკმაოდ მტკივნეულია ჩემთვის... ნუ გეშინია, ჩვენს სიყვარულზე ლეგენდები შეიქმნებაო მეუბნებოდა. ჰოდა, ეს დანაპირები "ლეგენდა" რეფრენად სდევდა ჩვენს ცხოვრებას“. ასე იხსენებს ნიკო გომელაურის ნინა ცხოვრების სიყვარულს, პოეტს, მსახიობსა და საყვარელ ქმარს, რომლის გარდაცვალებიდან უკვე 3 წელი გავიდა...2010 წლის 17 აპრილს ნიკო გომელაური, ქართველმა ხალხმა უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილა ... არც მთა უყვარდა, არც ზღვა, არც ბუნებაში ხეტიალი. ხალხმრავალ, ბომონდურ “ტუსოვკებს” საკუთარ, ლამაზ სახლში მყუდრო ტახტზე განმარტოებას ამჯობინებდა. მშვიდს და საოცრად გაწონასწორებულს ქედმაღლობა და უვიცობა აღიზიანებდა. ნიჭისთვის შეეძლო ყველაფერი ეპატიებინა. ბუნებით კონსერვატორი რთულად ეგუებოდა ექსპერიმენტებს. ერჩივნა დოსტოევსკი გადაეკითხა მეთორმეტედ, ვიდრე ახლებსა და მოდურებზე შეაწუხებინა გონება. ინტერვიუზე პრაქტიკულად ყოველთვის თანხმდებოდა, თუმცა ყოფილა უხეირო კითხვები, რომელთაც მისი გახსნილი ღიმილი ირონიულ ჩაღიმებად უქცევიათ. მისთვის ცხოვრების არსი ყოველი დღის, ყოველი წუთის რიტმში იყო, მისთვის სიცოცხლე უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ცხოვრება. ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა,1992 წელს მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1998 წლიდან კი ის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის მსახიობი იყო. „თეატრალურ სარდაფში“ „ჰამლეტს“ ვდგამდი, ბევრი ახალგაზრდა მსახიობი მოდიოდა და უბრალოდ ესწრებოდა რეპეტიციებს, მათ შორის შევნიშნე შლაპაჩამოფხატული, ცისფერთვალება, გაუპარსავი ლამაზი ბიჭი, რომელიც ბოლო რიგში იჯდა და ნერვიულად შეჰყურებდა სცენას. „ვინ არის?“ ვკითხე ჩუმად მათ, ვინც მას იცნობდა. „ნიკოა გომელაური, სამი წელია რაც დაამთავრა თეატრალური, არსად არ თამაშობს“, „რატომ?“ „მეტყველების პრობლემა აქვს და თან მაგრად სვამს“ . ისევ გავხედე, თვალები უელავდა, ეტყობოდა რომ ნასვამი იყო. გავიდა რამდენიმე დღე, ნიკო მოდიოდა, ჯდებოდა ბოლო რიგში და უყურებდა რეპეტიციას, ბოლოს დავუძახე „გინდათ თამაში?“ , „მინდა“... – ასე იხსენებს ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურთან შეხვედრას.. გადის დრო და ნიკო რეჟისორისთვის, არა მარტო ნომერ პირველი მსახიობი, არამედ მისი თანამზრახველი, თანამებრძოლი ხდება. ავთო ვარსიმაშვილი იხსენებს: „დღესაც არ ვიცი რამ მათქმევინა მაშინ, საზოგადოებისათვის სრულიად უცნობ ახალგაზრდა მსახიობზე და პოეტზე ასე საჯაროდ, რომ „გავა წლები და ჩვენ სუყველა ვიამაყებთ, რომ ვიცნობდით ნიკო გომელაურსო“. ნიკოს გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, საგრიმიოროში დავიწყეთ ერთობლივი ნამუშევრების დათვლა და განცვიფრებით აღმოვაჩინეთ, რომ „ჰამლეტის“ ჩათვლით მას თურმე 29 როლი ჰქონდა ნათამაშები ჩემთან. ყოფაში კი საშინელი ზარმაცი იყო და ამას თავადაც აღიარებდა. არ მიყვარს პრობლემებთან ჭიდაობა, მირჩევნია მივუშვა და დროს მივანდოო. დრო ყველაფერს დაალაგებს, ან ვინმე მოაგვარებს , მაგალითად, ნინა მოაგვარებსო.. ნინა ჩემი ცოლია და შვილები ნინას და მე, ჯამში ოთხი გვყავსო… თეატრში ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ ნიკოს დღეები დათვლილი იყო, მაგრამ თეატრი ყოველდღე თამაშობდა სპექტაკლებს და ახალი სპექტაკლის დადგმაც კი დაიწყეს, რომელშიც ტრადიციულად მთავარ როლს ნიკო ითამაშებდა. „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“ ასე ერქვა პიესას, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერა ავთო ვარსიმაშვილმა და რომელშიაც მთავარი გმირი ყველას სიყვარულს უხსნის, „როცა წაიკითხა, გადამეხვია და მადლობა მითხრა „ყველას საჯაროდ სიყვარულს ავუხსნიო“, სატელევიზიო ინტერვიუში იძახის ჩემთვის ყველაზე რთული როლიაო, მოიტყუა, არ თქვა უბრალოდ, ყველაზე საპასუხისმგებლოო, რადგან იცოდა, რომ ბოლო როლი იყო და ამ როლში ეძლეოდა საშუალება ყველას გამომშვიდობებოდა ვინც კი უყვარდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მითხრა, „რა იდიოტი ვიყავი, რომ ვსვამდი, რამდენი დრო დავკარგე სმის გამო, ხომ შეიძლებოდა იმ დროს წამეკითხა მეტი, მეწერა მეტი, მეთამაშა მეტი, სიყვარული ამეხსნა მეტიო“. ვცოცხლობთ რათა შევიგრძნოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, სხვა დანარჩენი სიკვდილის მოლოდინის ნაირსახეობაა. ნიკომ ზუსტად იცოდა, რომ ცხოვრება მშვენიერია. ის ნიჭიერი, ძლიერი და გულწრფელი იყო. მისი თეატრი საოცრებათა ზღაპრული სამყარო იყო, სადაც მსახიობი გრიმის გარეშე სასწაულებრივად გარდაისახებოდა. მისთვის პოეზია ვნება იყო და არა მიზანი. ნიჭიერება რთულია დამალო, უფრო რთულია მისი სიმულირება. ნიკო გომელაურის შემოქმედებამ კი ნამდვილად მოკლა სიკვდილი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები