1 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიახ ეს ოტია იოსელიანია

ჩამოტვირთვა

"ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ - სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.." "ვარსკვლავთცვენა","ტყვეთა–ტყვე","იყო ერთი ქალი", "ქალი გამოვიდა ქმრის საღალატოდ". საბავშვო მოთხრობები, დაჩის ზღაპრები, პიესები: "სანამ ურემი გადაბრუნდება", "როცა სიყვარული მოვა", "ადამიანი იბადება ერთხელ", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი". ამ და კიდევ ბევრი სხვა მემკვიდრეობის ავტორი ერთი უბრალო გლეხი გახლავთ, გლეხი, რომელსაც იუბილეები და ტაშ-ფანდურა არ უყვარდა: .„რა უბედურებაა იუბილე, თუ რამეს უკეთებ ხალხს, თუ რამის გაკეთება შეძელი ამ დაქცეულ ქვეყანაში, მადლობელი შენ თვითონ აქეთ უნდა იყო და იქით უნდა უხადო ხალხს მადლობა. და არა, მოდით დამიდგით ძეგლიო...თავად ერთადერთი პრემიის დაწესებას ფიქრობდა – ლუარსაბისა და დარეჯანის პრემიის სახით. თანაც ხუმრობდა, – აუ, რა ლაურეატები გვეყოლებაო?! დიახ ეს დიდი მწერალი ოტია იოსელიანია... ოტია იოსელიანი 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა. მან სწავლა საქართველოში დაიწყო და რუსეთში 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მისი პირველი თხზულება დაიბეჭდა 1954 წელს. მისი პირდაპირობა, ირონია, მისგან მხილება და ზოგჯერ უხასიათობაც საწყენად არ აღიქმებოდა. ყველამ იცოდა, რომ ეს მართალი სიტყვა იყო. სრულიად უბრალო ადამიანი იყო, იმდენადაც, რომ ერთხელ ამაზე თავადაც იხუმრა: „გალაკტიონმა ხომ თქვა: ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამულიო?" – მე კიდევ გეუბნებით: მიწა თუ კოჭებამდე მაინც არ შემოიყარე ფეხებზე, ისე ვერ გაიგებ, მამული რა არისო! ლიტერატურაში ფეხის შედგმის მცდელობა ოტია იოსელიანისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რის შემდეგაც მან ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესებისა და სცენარების დაწერა დაიწყო. ერთხელ თქვა, წიგნები სად მქონდა, რომ წამეკითხა, თორემ მე როგორ გავბედავდი წერასო. ისედაც ვბლუყუნობ, რომ ვერ ვლაპარაკობდი, იმიტომ ვწერდიო, –უთქვამს. გასაოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ერთხელ მისი რომანის „ქალი გამოვიდა საღალატოდ“ განხილვის დროს ერთ-ერთი დამსწრე მანდილოსანი ბატონი ოტიას შეხედულებით დაინტერესდა. ქალს აინტერესებდა, სიცოცხლეში რამდენჯერ შეიძლებოდა ქალს შეყვარებოდა? ბატონმა ოტიამ უპასუხა, რომ ქალს შეეძლო ორჯერ, სამჯერ ყვარებოდა. ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა დამსწრე ქალბატონი და კიდევ შეჰკადრა მწერალს, არ შეიძლება, მანდილოსანს სიცოცხლეში უფრო მეტჯერ შეუყვარდესო? ბატონმა ოტიამ ხათრი არ გაუტეხა და უპასუხა,რომ, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მანდილოსანს კიდევ რამდენჯერმე შეყვარებოდა მამაკაცი. ბოლოს დამსწრე ქალბატონი რომ აღარ მოეშვა და კიდევ სულმოუთქმელად ელოდა მის მოსაზრებას, თუ მაინც რამდენჯერ შეეძლო ქალს შეყვარება, ოტიამ უპასუხა,მე-16-დ შეყვარება უკვე ბო----აო ქალბატონოო. მის უამრავ ნაწარმოებს შორის რომანი "ქალი გამოვიდა საღალატოდ" მართლაც, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. რომანში ოტია ძალიან პირადულ და საზოგადოებაში ტაბუდადებულ თემას ეხება: ხომ გაგიგიათ ცოლ–ქმრის ამბავში სხვა არ უნდა ჩაერიოსო, ოტია კი ცდილობს დაგვანახოს იმ ქალის განცდები, რომელსაც ქმარმა უღალატა და ახლა თვითონაც მზადაა იგივე ჩაიდინოს. ჩვენ ვხედავთ ამ ქალის ცხოვრების მხოლოდ 1 დღეს, სიუჟეტიც ჩაკეტილია, მაგრამ მთავარი გმირის წარსულის მოგონებები და მისი აზროვნება საშუალებას გვაძლევს თამამად შევაფასოთ, როგორც ქალის, ისე მისი ქმრის, საუკეთესო მეგობრის და ძველი თაყვანისმცემლის პიროვნებები. ქალი პატიოსანიც და უპატიოსნოც, საბრალოა, ღმერთმანი, სიყვარულშიც საბრალოა და ღალატში და გაუტანლობაში ხომ ცოდვაა და ცოდვო..”- ამბობს მწერალი. "ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში (ოტია ობლობაში გაიზარდა), ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნეო ამბობდა მწერალი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს – "მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო" – ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია",– წერდა ოტია იოსელიანი. “ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა. სხვის სახლში მდგმურად სადამდე გაძლებ, სადაც ქირას თვეში ერთხელ ხელის ჭუჭყით კი არა, ყოველდღე სხეულით იხდი, შერყვნილი სისხლის საფასურად..” აი ასეთი იყო დიდი მწერალი და უფრო დიდი ადამიანი. ოტია იოსელიანმა სიცოცხლის ბოლო წლები თავის აგებულ სახლში წყალტუბოში გაატარა, რითაც თავს დიდად იწონებდა. ოტია იოსელიანი 2011 წლის 14 ივლისს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალი თავისი გმირის – სერაფიონის მსგავსად, უპრეტენზიოდ წავიდა ამ სოფლიდან. არც დიდუბის პანთეონი მოუთხოვია და არც მთაწმინდის. "არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებულ ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის", – ამბობდა მწერალი. ვისაც ოტია იოსელიანის ერთი ნაწარმოები მაინც წაუკითხავს, უეჭველად სჯერა, რომ ის ახლაც მართლა ტირის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები