2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსებთან დაკავშირებით

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ეხმიანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2020 წლის 15 დეკემბრიდან გამოცხადებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების კონკურსების მიმდინარეობას. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცესი ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ე.წ პროფესიული ნიშნით საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის  უმრავლესობით ირჩევს ცესკო.  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავდაპირველად 63 ოლქში, ხოლო შემდეგ 10-მდე ოლქში ეტაპობრივად გამოაცხადა კონკურსები საოლქო საარჩევნო კომისიის ვაკანტურ თანამდებობებზე, სადაც ამ ეტაპისთვის არჩეულია 160-ზე მეტი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგენდეს ერთგვარ დამზღვევ მექანიზმს იმისთვის, რომ მოხერხდეს პარიტეტის დაცვა პროფესიონალ/მიუკერძოებელ წევრებსა და პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს შორის. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოცემული პირები უნდა აირჩიოს პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნულის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი საქმიანობის შესახებ.

ქართული ოცნების მიერ დაანონსებული საარჩევნო რეფორმის პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცდილობს სწრაფად აირჩიოს ძირითად შემთხვევაში ის პირები, რომლებიც უკვე იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიების წევრების შერჩევისას ცენტრალური საარჩევნო კომისია არასათანადო ყურადღებას უთმობს კანდიდატთა პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობის შესწავლას. კონკურსის დროს მცირე იყო დაინტერესებული პირების აქტივობა.

ხშირ შემთხვევაში კონკურსი ატარებს ფორმალურ ხასიათს და მასში მონაწილეობას იღებს იმდენი ადამიანი, რამდენი ვაკანტური ვაკანსიაც არის გამოცხადებული. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულად ვერ იყენებს მოსახლეობის ინფორმირების მექანიზმებს, რის გამოც ვერ ხერხდება საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის მქონე პირების ინფორმირება.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაელოდოს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის  მუშაობის შედეგებს. ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიას მოუწოდებს გადახედოს მოსახლეობის ინფორმირების პრაქტიკაში მათ მიერ გამოყენებულ მეთოდებს. ვალდებულია, იზრუნოს არსებული მექანიზმების დახვეწაზე და შერჩევისას გამორიცხოს ნეპოტიზმი და მიკერძოებულობა.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 ასევე მოუწოდებს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფს, შეიმუშაოს ობიექტური და სამართლიანი მექანიზმი რათა საოლქო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებული იყოს რეალურად ნეიტრალური, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი და კვალიფიციური პირებისაგან.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 აგრძელებს საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მონიტორინგს და საბოლოო პროცესის დასრულების შემდეგ ანგარიშის სახით წარუდგენს საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები