0 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში 31 ოქტომბერს იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც დღის განმავლობაში ექვსი პრესკონფერენცია იგეგმება

 

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში 31 ოქტომბერს იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც საარჩევნო უბნებზე, დღის განმავლობაში, აღმოჩენილი დარღვევებისა და დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ ექვსი პრესკონფერენცია გაიმართება.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარის ვასო ურუშაძის განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებლები კენჭისყრის პროცესს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 400-მდე საარჩევნო უბანზე დააკვირდებიან; „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ოფისში იმუშავებს ქოლცენტრი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეკონ ცხელ ხაზზე და შეატყობინონ ორგანიზაციას მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევის შესახებ; აგრეთვე, ფაქტის შესახებ მიაწოდონ ვიდეო და ფოტო მასალა. 

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში იმუშავებს ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც დამკვირვებლებიდან მიღებულ ინფორმაციას და ქოლცენტრში შემოსულ ცნობებს დაამუშავებს და დღის განმავლობაში, ჩვენი მედიაცენტრის საშუალებით, საზოგადოებას ვაცნობებთ ყველა დაფიქსირებული ფაქტის შესახებ. ასევე, დარღვევები მოხვდება ჩვენი ორგანიზაციის საბოლოო ანგარიშში“,- განაცხადა ურუშაძემ.

მისი თქმით, დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია ქმნის მოლოდინს, რომ კენჭისყრის დღეც შესაბამისად ჩაივლის. „ჩვენი მიუკერძოებელი დამკვირვებლები, რომლებმაც საარჩევნო პროცედურებისა და მათი უფლება-მოვალეობების შესახებ ტრენინგები გაიარეს, უზრუნველყოფენ თითოეული ხმის დაცვას, საჭიროების შემთხვევაში,“- განაცხადა ურუშაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ოფისში, თბილისში მედიისათვის პრესკონფერენციები გაიმართება  - 09:00; 11:00; 14:00; 17:00; 19:00 და 23:00 საათზე. მოქალქეებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე: 599 404 185 ან დაუკავშირდნენ ორგანიზაციას Facebook გვერდის მესინჯერში.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობილური ჯგუფი.  დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ,  მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის  მობილური ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე შეამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში იმუშავებს იურისტთა ჯგუფი, რომელიც  საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად გაუწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაერთვება  საჩივრის მომზადების პროცესში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები